ირანის საელჩოსთან დაკავებული ნუცა მახარაძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება - რას ამბობს ადვოკატი

16.01.26 11:54
ირანის საელჩოსთან დაკავებული ნუცა მახარაძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება - რას ამბობს ადვოკატი

ირანის საელჩოსთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული ქალი სამოქალაქო აქტივისტის, ნუცა მახარაძის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება. მას წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნის ვადა 24 საათიდან 48 საათამდე გაუხანგრძლივეს, რაც ადვოკატის თქმით, არასწორი და უსამართლოა. 

ნუცა მახარაძის ინტერესების დამცველი, რომელმაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა, ამბობს, რომ ნუცა არის მხნედ და არც დანაშაულს აღიარებს.

ნუცა მახარაძე ჯერ არ წარუდგენიათ სასამართლოში. დაკავებიდან 24 საათი გავიდა და ამიტომ მისი დაკავების ვადა გაახანგრძლივეს სრულიად უკანონოდ კიდევ 24 საათით, ანუ 48 საათამდე. ველოდებით, რომ სავარაუდოდ, დღეს ჩატარდება პროცესი, თუმცა ეს ვადის გახანგრძლივებაც თავისთავად, არის მძიმე კანონდარღვევა, ვინაიდან არანაირი საფუძველი ამ ვადის გახანგრძლივების არ არსებობს. ნუცა მახარაძე თავს გრძნობს კარგად. ის იზოლატორშია მოთავსებული და ველოდებით, როდის ჩაინიშნება პროცესი, - ამბობს ადვოკატი.  

შეგახსენებთ, რომ ნუცა მახარაძე 14 იანვარს ირანის საელჩოსთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს. ბრალდება მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

ქალი აქტივისტი საზოაგდოებისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მას და მის მეგობარს მაისში, საკუთარ სადარბაზოში თავს ე.წ. ტიტუშკები დაესხნენ და წიწაკის სპრეი და ბრილიანტის მწვანე შეასხეს.  

მსგავსი სიახლეები