კამერებში ძალიან ბევრი ბაღლინჯოა, სისხლის მწოველი და კაციშვილი არ არის, დახმარება რომ ვთხოვოთ - ღურწკაია

16.01.26 13:27
კამერებში ძალიან ბევრი ბაღლინჯოა, სისხლის მწოველი და კაციშვილი არ არის, დახმარება რომ ვთხოვოთ - ღურწკაია

4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა დავით ღურწკაიამ სასამართლო სხდომაზე საკანში არსებულ სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზე გააკეთა განცხადება, რაზეც მოსამართლე გიორგი გელაშვილმა აღნიშნა, რომ ამ განცხადების ადრესატი პენიტენციური სამსახურია და არა - სასამართლო.

ღურწკაია: ჩვენს კამერებში არის ძალიან ბევრი ბაღლინჯო, სისხლის მწოველი და კაციშვილი არ არის, დახმარება რომ ვთხოვოთ და ყურადღება მოგვაქციოს

მოსამართლე: სასამართლო ამ შემთხვევაში არ არის ადრესატი, ადრესატი არის პენიტენციური დაწესებულება. თუ რამე კანონშეუსაბამოა, პენიტენციურ დაწესებულებას მიმართეთ განცხადებით... დროის კარგვაა და მეტი არაფერი

მოსამართლის პასუხის შემდეგ კითხვა დასხვა ბრალდებულის ადვოკატმაც:

ადვოკატი: არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი რომ გახდეს და შესაძლებელია, ეს გარემოება გახდეს... არ აქვს დაფიქსირების უფლება სხდომაზე?

მოსამართლე: დაფიქსირების უფლება არის იმ ნაწილში, თუ ვინმე მიზანმიმართულად დანაშაულს ჩადის პირის მიმართ, ეს ექვემდებარება წამებას, დამცირებას, არაადამიანურ მოპყრობას. მივიღე ინფორმაცია, რომ გარკვეული შეუსაბამო პირობებია. ძალიან კარგი და კვალიფიციური ადვოკატები გყავთ. მათ შეუძლიათ, ნებისმიერი ფორმით აწარმოონ იმ დაწესებულებასთან კომუნიკაცია, სადაც იმყოფებით. თუ რამე ჰიგიენური საშუალება არაა, თუ რამე პირობები არაა, ამ საკითხთან უშუალო კომუნიკაცია ჰქონდეს პატიმარს, ადვოკატს და დაწესებულების ხელმძღვანელს, ეს ხარვეზები აღმოიფხვრება.

სასამართლო დარბაზში ეს საკითხები რომ ვარჩიოთ, მე ისიც არ ვიცი პირობითად, ეს სიმართლეა თუ ტყუილი.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილს, ზაქრო ალბუთაშვილს, გენადი კელიხაშვილს, დათო ღურწკაიას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ია დარახველიძე, გიორგი ჩახუნაშვილი და ევა შაშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფებიან.

მომზადებულია “პუბლიკას“ მიხედვით

მსგავსი სიახლეები