გიგა ავალიანის საქმე - დაკავებული არასრულწლოვნის დედა შიმშილობას იწყებს

17.01.26 17:30
გიგა ავალიანის საქმე - დაკავებული არასრულწლოვნის დედა შიმშილობას იწყებს

ხმაური საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან - ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ოჯახი "ქართული ოცნების" გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს მიმართავს. 

დ.ჩ.-ს მშობელი უვადო შიმშილობას იწყებს. სოფო ძნელაძე მოითხოვს დღესვე გადაკვალიფიცირდეს მუხლი, რომელიც მის შვილს მოკლული მასწვალებლის საქმეზე წარუდგინეს. 

მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს, ბატონო გიორგი, პრინციპში არა, თქვენ მე რომ ბატონი დაგიძახოთ თქვენა ამას არ იმსახურებთ იმიტომ, რომ თქვენ ხართ კორუმპირებული, თქვენ ხართ ცოდვილი, თქვენ ხართ ყველაზე ცუდი გენერალური პროკურორი საქართველოს ვინც ყოლია, თქვენ საბჭოთა მანქანაზე უარესი ბოროტება ყოფილხართ. 

დღეს მე მოვედი აქ, შიგნით არ შემომიშვებთ რომ ვიშიმშილო? - გარეთ ვიდგები, დღეიდან ეს ადგილი იქნება ჩემი სასაფლაო, მაგრამ ჩემ შვილს არ დაგითმობთ იმიტომ, რომ ჩემი შვილი არის უდანაშაულო. თქვენ გენერალურო პროკურორო, ცოდვილო ადამიანო, უსამართლო ადამიანო, თქვენ ახალ გიორგი ზერეკიძეს ძერწავთ, თქვენ გინდათ რომ ჩემი ოჯახი შეწიროთ უდანაშაულოდ. არ შეგაწირინებთ," - განაცხადა სოფო ძნელაძემ.

ამასთან, დაკავებული არასრულწლოვნის ოჯახი ირაკლი კობახიძეს მიმართავს და მოუწოდებს აღნიშულ საქმეზე საპარლამენტო კომისია შექმნას. 

პრემიერ-მინისტრს მივმართავ, სასწრაფოდ ვითხოვ საპარლამენტო კომისიას, რომელიც მკვლელობებზე ხშირად იქნა შექმნილი. პარლამენტისგან შედგეს იმ ხალხის სია, რომელიც დეტალურად გამოიძიებს, დეტალურად გაივლის ამ საქმეს," - ამბობს დაკავებულის დედა.

დაკავებულის ოჯახის ადვოკატის განმარტებით, მათ უწყებამ გაუთქმელობაზე მოაწერინა ხელი სწორედ მაშინ, როდესაც ტელევიზიაში საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე აპირებდნენ საუბარს. 

ჩვენ შეგვეხმიანენ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და გაგვაფრთხილეს გაუთქმელობაზე, ანუ რას ნიშნავს ეს,  ჩვენ მივდიოდით ტელევიზიაში, ვაპირებდით გვესაუბრა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, ჩვენ ვაპირებდით სააშკარაოზე გამოგვეტანა ის გარემოება, რომ ჩვენ დაცვის ქვეშ მყოფ პირს არ მიუძღვის არანაირი ბრალი წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, თუმცა აღნიშნული საქართველოს პროკურატურამ აგვიკრძალა," - თქვა ადვოკატმა. 

რა მოხდა?

საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ახალგაზრდა 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

რა დაწერა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ:

სიკვდილის მიზეზი გახდა „ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“.

რამდენი პირი დააკავეს?

საქმეზე ოთხი პირია დაკავებული - ოთხიდან სამს, დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. ხოლო ერთს სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) აქვს ბრალი წაყენებული.