ფაშისტური იდეოლოგიის დაჯგუფების 16-ვე წევრს პატიმრობა შეეფარდა
ფაშისტური იდეოლოგიის დაჯგუფების 16 წევრს, რომელთა შორის 10 არასრულწლოვანია, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლემ გუშინ გამართულ სხდომაზე მიიღო.
გამომდინარე იქიდან, რომ დაკავებულთა შორის არასრუწლოვნები არიან, სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა.
ცნობილია, რომ პროცესზე უმძიმესი დანაშაული დაკავებულების უმრავლესობამ აღიარა. მათ ჩადენილი დანაშაული მხოლოდ ძალადობის ნაწილში აღიარეს, თუმცა წამების ფაქტი უარყვეს.
რაც შეეხება დაკავებულ გოგონებს, მათ ჩადენილი დანაშაული არ აღიარეს.
საქალაქო სასამართლოში პროცესი 5 საათს გრძელდებოდა.
სახეზე გვაქვს ორგანიზებული ჯგუფი, შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ ჩატარებულია ათეულობით საგამოძიებო მოქმედება და აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე მოპოვებულია თითოეული ბრალდებულის მიმართ შესაბამისი მტკიცებულებები. სწორედ აღნიშნული პერიოდია ის პერიოდი, როდესაც ბრალდების მახრე მუშაობდა კონკრეტული პირების მიმართ მტკიცებულებების მოპოვებაზე.
ბრალდების მხარეს მოპოვებული აქვს ათეულობით ტკიცებულება, მათ შორის, ვიდეოჩანაწერები. შესაბამისი ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმები, დაზარალებულების ჩვენებები, ასევე გამოთხოვილი სხვადასხვა ინფორმაცია, მათ შორის, გადაადგილების ვიდეოკადრები, რომელიც შემდგომში დაადასტურებს 16-ვე მათგანის ბრალეულობას, - თქვა პროცესის შემდეგ პროკურორმა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა დაცვის მხარე. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ მოსამართლეს დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება არ უნდა გამოეყენებინა.
როგორც ბრალდების მხარე მიუდგა კოლექტიურად თითოეულ მათგანს და არა ინდივიდუალურად, ასევე მიუდგა სასამართლოც და გამოიტანა გადაწვეტილება, რომელიც, ჩემი აზრით, არ უნდა გამოეტანა. იყო რიგი გარემოებები, რაც უნდა გაეთვალისწინებინა, ჩვენი აზრით, სასამართლოს და არ უნდა გამოეყენებინა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, - თქვა გუშინ ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა.
შსს-ს მიერ გავრცელებული მძიმე კადრები ე.წ. ნეონაცისტური, ძალადობრივი დაჯგუფების წევრების წინააღმდეგ ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად მიიჩნევა. ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ დაჯგუფების წევრები მსხვერპლებს არა მხოლოდ ფიზიკურად უსწორდებოდნენ, არამედ მათზე სისტემურ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ და ღირსების შემლახავ მოპყრობას მიმართავდნენ. თავდასხმები ჯგუფურად ხორციელდებოდა, ხოლო ძალადობის ამსახველ ვიდეოებს თავად იღებდნენ და სოციალურ ქსელებში ავრცელებდნენ.
აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო რეპორტაჟი "შაბათის" გუნდმაც მოამზადა. მრავალტომიან საქმეში უმძიმესი დანაშაულის არაერთი ეპიზოდია, რომელთა ნაწილიც გადაცემაში გუშინ გასაჯაროვდა.
მსგავსი სიახლეები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში