ქალი პატიმრების მძიმე ყოფა - ქალთა ციხესთან „300 ქალის“ აქცია გაიმართა

18.01.26 20:39
ქალი პატიმრების მძიმე ყოფა - ქალთა ციხესთან „300 ქალის“ აქცია გაიმართა

ქალთა ციხესთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც მოძრაობა „300 ქალის“ წარმომადგენლებმა დაწესებულების დირექტორს, ნესტან ვერულაშვილს, მიმართეს. აქციის მონაწილეები საუბრობდნენ იმ ქალ პატიმრებზე, რომლებიც ამ დაწესებულებაში იმყოფებიან და, მათი ინფორმაციით, გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვთ. 

მათი განცხადებით, პატიმრები ნანა სანდერი და ანასტასია ზინოვკინა საჭირო სამედიცინო დახმარებას ვერ იღებენ. ნანა სანდერი უკვე დაახლოებით ერთი კვირაა მშრალ შიმშილობაზეა, ხოლო ანასტასია ზინოვკინას ძლიერი ტკივილები აქვს ხერხემლის არეში. აქციის მონაწილეები პასუხისმგებლობას ქალთა ციხის ხელმძღვანელობას აკისრებენ.

ანასტასია ზინოვკინა 2024 წლის ბოლოს დააკავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით. მისი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ იგი პროევროპული აქციების მონაწილე იყო და მის საქმეს პოლიტიკურ კონტექსტს უკავშირებენ.

პატიმართა ახლობლებისა და ადვოკატების ინფორმაციით, ციხეში პრობლემებია მედიკამენტებზე წვდომის, ჰიგიენური პირობების, კვების ხარისხისა და სამედიცინო დახმარების დროულად მიღების მხრივ. მათი თქმით, აღნიშნულ საკითხებზე პატიმრები უკვე თვეების განმავლობაში საუბრობენ, თუმცა რეაგირება არ მომხდარა.

ვრცლად ნახეთ თეკლა დონაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები