ეკონომია პატიმრების კვების ხარჯზე? - რატომ შეწყდა ტენდერი

19.01.26 20:45
ეკონომია პატიმრების კვების ხარჯზე? - რატომ შეწყდა ტენდერი

პატიმრების კვების შესყიდვა შეწყვეტილია - ოფიციალური მიზეზი ფულის დაზოგვაა. დეკემბერში 145-მილიონიანი ტენდერი ჩაატარეს, იანვარში კი კომპანიის შეთავაზებული ფასით აღმოაჩინეს, რომ ბიუჯეტიდან ზედმეტს იხდიდნენ. ანუ პატიმრების გამოკვება უფრო იაფად იყო შესაძლებელი. ოქმში, რომლთაც შესყიდვა შეწყდა, წერია, რომ კომპანიამ 7 მლნ-ით ნაკლები მოითხოვა, ამიტომ ახლა ახალი ტენდერი ცხადდება უფრო ნაკლებ ფასზე. 

ბოლო შესყიდვის დოკუმენტაციაში მითითებულია, რა დაჯდებოდა ერთი პატიმრის კვება - თითო მსჯავრდებულის სამჯერად კვებაზე 14 ლარი იყო გათვლილი. ეს თანხა ისედაც არარეალურად ჟღერს მკვლევარებისთვის, ახლა როგორც ჩანს, კიდევ უფრო ნაკლების დახარჯვას აპირებენ. ტენდერის ჩაშლა კი ფასების შემცირების მოტივით ნიშნავს, რომ აქაც პროპაგანდა მუშაობს ან ვინმე კონკურენტი კომპანიის ჩამოშორებას ცდილობს.

6 წელია პატიმრების კვება "ილი ჯგუფს" აბარია, კომპანიას, რომელიც ლამის მონოპოლისტია ამ სფეროში. აქამდეც დიდი პრობლემა იყო საკვების ხარისხი, "ილი ჯგუფი" დააჯარიმეს კიდეც ხელშეკრულების დარღვევისთვის. პატიმრები ღიად საუბრობდნენ საჭმელად უვარგის საკვებზე. მატლიანი თევზი, ქვიშიანი წიწიბურა, გაურეცხავი და გაუთლელი ბოსტნეული, გაფუჭებული ხორცი - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, თუ რა ულუფა მიდიოდა პატიმრებთან. თუ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა შემცირდება, ეს მხოლოდ საკვების გაუარესებულ ხარისხს ნიშნავს.  

ახლა ახალი შესყიდვა ახალი ფასით და პირობებით უნდა გამოაცხადონ. ეს დროში გაწელილი პროცესია. გამოცდილება აჩვენებს, რომ ასეთ დროს ჩნდება ხოლმე გადაუდებელი აუცილებლობა და ბიუჯეტიდან ფული გამარტივებული წესით, კონკურსის გარეშე იხარჯება. ეს კი თანხის დაზოგვის ნაცვლად, მეტ ხარჯს ნიშნავს.

დეტალები ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები