ყადაღა დაადეს ერთ-ერთ ანგარიშს, რომელზეც პოლიტპატიმრებისთვის ფულს ვაგროვებდით - დავით ჯინჭარაძე

20.01.26 17:23
ყადაღა დაადეს ერთ-ერთ ანგარიშს, რომელზეც პოლიტპატიმრებისთვის ფულს ვაგროვებდით - დავით ჯინჭარაძე

"თავისუფლების ფონდის" დამფუძნებელი, დავით ჯინჭარაძე თვლის, რომ მისი ანგარიშების დაყადაღების უკან პოლიტიკური მოტივი დგას. 

  • დავით ჯინჭარაძეს საქართველოს საზღვროს გადაკვეთის შემდეგ ანგარიშები დაუყადაღეს, მიზეზად კი აქციების დროს მიღებული ჯარიმა დაასახელეს, რომელიც ფონდის დამფუძნებლის თქმით, მას არ ჩაბარებია. 

დავით ჯინჭარაძის განმარტებით, ის საქართველოში არსებულ ანგარიშებს მართლაც იყენებდა პოლიტპატიმრებისთვის საჭირო თანხების შესაგროვებლად, თუმცა ყადაღის საშიშროების გამო მასზე დიდი ოდენობის თანხას არ ტოვებდა. ხოლო "თავისუფლების ფონდის" ანგარიშები, მისი თქმით, "ქართული ოცნების" კონტროლის მიღმაა და პატიმრებისთვის ფულის შეგროვება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. 

ვვარაუდობ, რომ ზუსტად ეს იყო ამ ყადაღის მიზანიც, რომ ვეღარ შეგვეგროვებინა პოლიტპატიმრებისთვის ფული. თქვენ იცით, რომ ჯერ ჯარიმებს ვიხდიდით, შემდეგ გადავედით პოლიტპატიმრების თანხის შეგროვებაზე. 

როდესაც გადავკვეთე საზღვარი, 12 იანვარს, მითხრეს, რომ მაქვს ჯარიმა, თუმცა არც ჩამაბარეს ეს ჯარიმა, ის არც ონლაინ იძებნებოდა, ყოველ შემთხვევაში 2 დღის წინ.

ანგარიშს, მართალია, ვიყენებდი სხვა ანგარიშებს შორის პოლიტპატიმრებისთვის ფულის შესაგროვებლად, თუმცა ბუნებრივია ყოველთვის ვიცოდი, რომ იყო ყადაღის რისკი და ამ ანგარიშზე დიდი რაოდენობის თანხა არასდროს არ დამიტოვებია. ანუ ანგარიში დაყადაღდა, თუმცა არსებობს ბევრი სხვა ანგარიში, რომელიც "ქართული ოცნების" კონტროლს მიღმა არის და რაც არ უნდა დაყადაღდეს საქართველოში, პოლიტპატიმრებისთვის თანხის შეგროვებას ამ ეტაპზე არანაირი საფრთხე არ შეექმნება ზუსტად აქედან გამომდინარე. 

თვეში ჩვენ 500 ლარის გადარიცხვის საშუალება გვაქვს და განსაკუთრებით 4 ოქტომბრის შემდეგ დაპატიმრებული ადამიანები არიან სოციალურად დაუცველები, მათი დიდი ნაწილი. ეს ძალიან დიდი ფინანსური ტვირთია მათი ოჯახებისთვის, ხშირად საზოგადოებაშიც ჭირს ამ თანხის აგროვება იმიტომ, რომ იცით მედიაც მძიმე მდგომარეობაშია, სხვა საკითხებიც არსებობს და ეს არის ერთგვარი გაგრძელება ამ ყველაფრის, რომ ჩვენ იმდენი რესურსიც არ გვეყოს, რომ ჩვენს პოლიტპატიმრებს ფული შევუგროვოთ, თუმცა ნებისმიერი ესეთი მცდელობის მიუხედავად ეს ყველაფერი გაგრძელდება ისე, როგორც დღევანდელ დღემდე გრძელდებოდა," - განაცხადა დავით ჯინჭარაძემ. 

მსგავსი სიახლეები