სასახლის ღობის საქმე - ბოლო ცნობები პროცესიდან

20.01.26 17:35
სასახლის ღობის საქმე - ბოლო ცნობები პროცესიდან

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული 12 პირის პროცესზე მხარეები ვიდეო-მტკიცებულებებს განიხილავენ. 

უფლებადამცველების განმარტებით, გამოკვლეულ ვიდეო-მასალებში არ ჩანს მათი დაცვის ქვეშ მყოფების რაიმე დანაშაულებრივი ქმედება. 

ამასთან, ერთ-ერთი დაკავებულის, ნანა სანდერის ადვოკატებმა დღევანდელ სხდომაზე მისი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენეს. მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვაზე ამ დროისთვის უმსჯელია. 

დღეის ჩათვლით გამოვიკვლიეთ 6 ერთეული ვიდეო-მასალა, სადაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ რაიმე სახის მტკიცებულება არ არსებობს, თვითონ კადრშიც კი არ ფიქსირდება, მხოლოდ 7-საათიან ვიდეოში გაჟღერდა კადრში, სადაც თვითონ ემიჯნება ნებისმიერი ფორმით მიმდინარე მოვლენების განვითარებას. 

ეს არის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოება, რომ დღეს დავაყენოთ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი, ქალბატონო ნანას ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა, ჩემ კოლეგასთან ერთად დავაყენებ აღნიშნულს და პროცესუალურად არსებობს საფუძველი აღკვეთის ღონისძიების შეცვლისათვის," - ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი. 

ცნობისთვის, ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელა ქარდავას, ვახტანგ ფიცხელაურს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, აბო ნავერიანს, ანტონ უპერს, ავთანდილ სურმანიძეს, გიორგი მულაძეს და თემურ ქურციკიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება სსსკ-ის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.

ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები