პენიტენციური სამსახური ნანა სანდერს პასუხობს

20.01.26 20:12
პენიტენციური სამსახური ნანა სანდერს პასუხობს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ნანა სანდერის განცხადებას, სადაც ბრალდებული პენიტენციურ დაწესებულებაში მის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს.

პენიტენციური პატიმრის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ამტკიცებს, რომ ადგილი აქვს სამსახურის დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობას.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ბრალდებულ ნანა სანდერის განცხადებას, სადაც ბრალდებული პენიტენციურ დაწესებულებაში მის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს.
ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებული და მისი პირადი ნივთები საგულდაგულოდ მოწმდება და ამის შესახებ დგება შესაბამისი აქტი. ბრალდებულის შემოწმებას ახორციელებს პატიმრობის დაწესებულების იმავე სქესის თანამშრომელი. პირადი სრული შემოწმებისას დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული გაშიშვლება. 
სპეციალური პენიტენციური სამსახური არ ადასტურებს ბრალდებულ ნანა სანდერის განცხადებაში მითითებულ ფაქტებს და მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს სამსახურის დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობას.
მიუხედავად აღნიშნულისა, ბრალდებულ ნანა სანდერის განცხადებასთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ დაიწყება სამსახურებრივი შემოწმება და განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პროცედურა, ბრალდებულის უფლებების დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება პასუხისმგებლობის შესაბამისი ღონისძიება.
სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესახებ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან, მოხდება როგორც ბრალდებულის ასევე საზოგადოების ინფორმირება.

ცნობისთვის, ნანა სანდერმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მის მიმართ ციხეში მიყვანის წუთებიდან განხორციელდა სისხლის სამართლის დანაშაული. 

ჩემს მიმართ ციხეში მოყვანის წუთებიდან განხორციელდა სისხლის სამართლის დანაშაული. ადამიანის ღირსების შემლახველი მოპყრობა, როგორც ვიცი, სამი წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ამას დავამატოთ სექსუალური შევიწროება, გაშიშვლების მოთხოვნით. ამაში მინიმუმ ხუთი ადამიანი იყო ჩართული, მათ შორის ციხის დირექტორი და მოადგილე - მე ვარ უდანაშაულო პოლიტპატიმარი. ეს არის ჩემი ტანჯვა და წამება. ორი დღეა დასიებული სახით ვიღვიძებ, ყველაფერი მტკივა და [ციხის დირექტორი] ადამიანი მეუბნება, შენ შოუს აწყობ და არაფერი გაწუხებსო, -თქვა სანდერსმა პროცესზე.

მსგავსი სიახლეები