მე და გიგა ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ ვშიმშილობთ, დედა-შვილი ჩიქოვანები კი თავისი ნებით - ეკა კუპატაძე
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე, აცხადებს, რომ მისი და მისი შვილის შიმშილობა იძულებითია, მაშინ, როცა ჩიქოვანების ოჯახის მიერ გამოცხადებული შიმშილობა ნებაყოფლობით გადაწყვეტილებას წარმოადგენს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
კუპატაძის თქმით, ჩიქოვანმა შიმშილობა სასამართლო პროცესის წინ დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდება მას ერთი კვირით ადრე დაუმძიმდა.
მოკლული მასწავლებლის დედა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბრძოლას არ შეწყვეტს და პასუხისმგებელი პირების დასჯას სამართლებრივად ბოლომდე მიიყვანს.
ვაღიარებ, დამაწვინეს ბეჭებზე გიგას მკვლელობის ვიდეოს გასაჯაროების მცდელობით, მაგრამ ეგრე იოლი დასამარცხებელი რომ ვიყო, ამ ბრძოლას არ დავიწყებდი!
ის ვიდეო ჩემი კარადიდანაც მწვავს და მანადგურებს....
სწორედ ამიტომ, ვიქნები უძლეველი!!!
ვერ გამტეხავთ, არ მიცნობთ!!!
ამოვალპობ ყველას ციხეში!!!
ორი დღეა ვდარაჯობ შვილის საფლავს, ვერ მოვასწარით გადახურვა და ვიცავ თოვლისგან....
ამიტომაც ვერ ვახერხებდი კითხვებზე პასუხს, თუმცა ვიცი ,,შიმშილობის" შესახებ.
მე მინდა ვჭამო, მინდა ფიზიკურად არ დავეცე, მაგრამ ორგანიზმი საჭმელს არ იღებს და ზოგჯერ ღებინების საწინააღმდეგო წამალს ვსვამ.
მეტსაც გეტყვით, გიგა ავალიანი პირველი ოქტომბრიდან უვადოდ შიმშილობს!!!.....
მე და გიგა ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ ვშიმშილობთ!...
დედა-შვილი ჩიქოვანები კი თავისი ნებით შიმშილობენ! ჩვენ არ გვაქვს არჩევანის უფლება, მათ აქვთ!
ჰო, მართლა, ძალიანაც ნუ გაგისკდებათ გული ბოტებო, დღეს 11 საათზე პროცესი აქვს ჩიქოვანს და ამიტომ დაიწყო შიმშილობა გუშინ, თორემ ბრალი ერთი კვირის წინ დაუმძიმეს, როგორმე გაძლებს საღამომდე.
არც საქმის მასალების გასაჯაროების მეშინია ბოტებო, უბრალოდ, იქ ჩემი შვილი დანომრილი გვამია....
არ ეკადრება ჩემს კოხტა, მოწესრიგებულ, მუდამ გაწკიპინებულ შვილიკოს, ყველამ უყუროს მის 23 დღიან ნატანჯ, სახეშეცვლილ გვამს!
იმ აღვირახსნილ, მჩხავანა არსებას, ნანახი აქვს ეს სურათები, იცის რა მძიმეა ჩემთვის და მაგით მანიპულირებს.
,,სტატუსიანიც" მიწოდა.....
სწორედ ამიტომ, ამოვულპობ მის მკვლელ შვილს ციხეში!
რას ხტის, ხომ ჰყავს ადვოკატი გიო, ხოდა დაიცვას.
მე მიცავს სახელმწიფო, კანონით მიცავს.
მას უფრო იცავს, მაგრამ ამის გააზრებას აზროვნება უნდა.
ვიცი, საქმის მასალების დეტალები გაინტერესებთ. ვსწავლობ სკრუპულოზურად.
გაოგნებული ვარ!!!
მკვლელ შვილებს როგორ მფარველობენ ურცხვი მამიკოები.
მაგრამ გიგა ავალიანს დედა იცავს გააფთრებით!!!
ნია იმნაძის 3 ჩვენებიდან, სამივე რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს იმიტომ, რომ იტყუება.
სიმართლე ერთადერთია, სწორხაზოვანი და თანმიმდევრული, იქ არ იკარგები!
ვფიქრობ, პროკურატურა სწორ რელსებზე დგას; თუმცა გამადიდებელი ლუპით ვუყურებ მათ სვლებს, ახლა ვეღარავინ გამაცურებს, საქმის მასალები ხელში მაქვს!!!
არ დავნებდები, ვიდრე ყველას შესაბამისი მუხლით არ დავაჯენ საბრალდებო სკამზე!
სამართლიანი ბრძოლა სამართლისთვის!
საზოგადოებავ, მადლობა თანაბრძოლისთვის!, - წერს ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში.
- ცნობისთვის, მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის დედა, სოფო ძნელაძე მეხუთე დღეა პროკურატურასთან შიმშილობს.
არასრულწლოვანს ბრალი რამდენიმე დღის წინ, 14 იანვარს დაუმძიმეს. აქამდე მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ. დამძიმებული ბრალდება, რომელიც განზრახ მძიმე დაზიანების ჯგუფურად მომზადებას გულისხმობს, 9-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რა მოხდა?
საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ახალგაზრდა 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
რა დაწერა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ:
სიკვდილის მიზეზი გახდა „ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“.
რამდენი პირი დააკავეს?
საქმეზე ოთხი პირია დაკავებული, აქედან, თავდაპირველად, ბრალდება ორ არასრულწლოვანს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, თუმცა ავალიანების მოთხოვნის შემდეგ მათ ბრალი დაუმძიმდათ.
მსგავსი სიახლეები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში