სასახლის ღობის საქმე - პროცესს პაატა ბურჭულაძე ისევ არ დაესწრება

22.01.26 11:19
სასახლის ღობის საქმე - პროცესს პაატა ბურჭულაძე ისევ არ დაესწრება

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, თორნიკე მჭედლიშვილის, ნიკა გვენცაძის, ირაკლი ჩხვირკიას, ირაკლი შაიშმელაშვილის და გური ჟვანიას პროცესი გაიმართება. 

უფლებადამცველის განცხადებით, დღევანდელ პროცესს არ დაესწრება მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე. ადვოკატი აღნიშნავს, რომ დაკავებული მხოლოდ მნიშვნელოვანი მოწმეების დაკითხვისას მიიღებს სხდომებში მონაწილეობას. 

ასევე, პროცესზე არ იქნება ირაკლი შაიშმელაშვილი. ის ქვეყანაში არ იმყოფება, ხოლო სასამართლო უფლებას არ აძლევს სხდომებს დისტანციურად დაესწროს.

საქმის პროკურორის განცხადებით დღეს დაიკითხებიან პირები, რომლებმაც ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა ჩაატარეს. ამასთან, გამოიკვლევენ ვიდეო-ჩანაწერებსა და წერილობით მტკიცებულებებს. 

დაიკითხებიან მოწმე-ექსპერტები, ასევე გამოკვლეული იქნება ვიდეო-ჩანაწერები და შესაბამისად წერილობითი მტკიცებულებები, დაიკითხებიან ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ჩამტარებელი პირები, დიახ, კონკრეტულ ბრალდებულთა იდენტიფიცირება ვინც მოახდინა. ყველა ექსპერტიზის დასკვნა გახლავთ კატეგორიული და დადგენილი არის პირთა მონაცემები," - განაცხადა პროკურორმა. 

  • ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
  • ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები