რეკორდული ჯარიმების წელი - მძღოლებმა მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში 277 მილიონი ლარი გადაიხადეს

22.01.26 18:18
რეკორდული ჯარიმების წელი - მძღოლებმა მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში 277 მილიონი ლარი გადაიხადეს

რეკორდული ჯარიმების წელი - 277 მილიონი ლარი, ეს ის თანხაა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმების გადახდის შემდეგ შევიდა.

მძღოლები, რომლებიც დაჯარიმებულთა სიაში მოხვდნენ, ამბობენ, რომ ეს არ არის პრევენციისთვის დასკირებული ჯარიმები, ეს არის განზრახვა სახელმწიფოს მხრიდან, რომ მოქალაქეების ჯიბიდან შეივსოს ისევ ბიუჯეტი.

ამის თქმის საფუძველს მათ ბოლო პერიოდში გატარებული საკანონმდებლო ცვლილეებები აძლევთ, რა დროსაც ჯარიმები კიდევ უფრო გაიზარდა და რიგ შემთხვევაში გაორმაგდა კიდევაც. 

ძალიან ბევრი ჯარიმა მაქვს მიღებული, მიუხედავად იმის, რომ სიჩქარეს მუდმივად ვაკონტროლებ, მაინც წერს, გასაჩივრებასაც აზრი არ აქვს. ეს არის ბიუჯეტის ფულის შევსება, განსაკუთრებით ახალი წელის დღეებში, - ამბობს ერთ-ერთი მძღოლი.

კიდევ ერთი მძღოლი ამბობს, რომ ჯარიმა ნაძვის ხეზეც კი ჩამოკიდა საახალწლოდ.

ეს მიდის კალაძის ჯიბეში, მეტი სად წავა. უფლება გვაქვს ვითომ ზოლში შესვლა-გამოსვლის, მაინც ჯარიმა შემოდის, - ამბობს ის.

მოქალაქეები ამბობენ, რომ მრავალი პრობლემა არსებობს, რაც მათზე პირდაპირ აისახება, ეს არის მოუწესრიგებელი საპარკინგე სივრცეები, საგზაო ნიშნების არ არსებობა და სხვა.

მათი თქმით, სწორედ ეს პრობლემები უნდა მოგვარდეს, რადგან თუ ჯარიმების მატების განზრახვა არის ის, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული, ამ ყველაფრის მოუწესრიგებლობა პირდაპირ აისახება უსაფრთხოებაზე.

ცნობისთვის, 2025 წლის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმების აკრეფით 277 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო.

ანგარიშის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 110.9 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 166.1 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

მსგავსი სიახლეები