მქონდა მოლოდინი, რომ მზია უნდა შეეწყალებინა ყაველაშვილს, რადგან ეს მათ ინტერესში უფრო იყო - მაია მწარიაშვილი

22.01.26 23:11
მქონდა მოლოდინი, რომ მზია უნდა შეეწყალებინა ყაველაშვილს, რადგან ეს მათ ინტერესში უფრო იყო - მაია მწარიაშვილი

პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის ადვოკატი, მაია მწარიაშვილი ამბობს, რომ მას ჰქონდა მოლოდინი იმის, რომ ყაველაშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფს შეიწყალებდა.

მწარიაშვილი ყველა იმ მიზეზს ასახელებს, რის გამოც ჩათვალა, რომ პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი შეწყალებას იმსახურებდა, თუმცა იქვე დასძენს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ამის სურვილი არ ჰქონია და წერილობითაც კი დაადასტურა, რომ შეწყალებას არ ითხოვდა.

როგორც მწარიაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, ამაღლობელის შეწყალება “ოცნების“ ხელისუფლების ინტერესში უფრო შედიოდა, რათა შეენარჩუნებინათ როგორც სახე, ისე ილუზიები, რომ ამ ქვეყანაში ინსტიტუციები არსებობს.

მე მქონდა მოლოდინი, რომ მზია უნდა შეეწყალებინა ყაველაშვილს, არა იმ გარემოებების გამო, რომ მას შესაწყალებელი ჰქონდა რამე, არამედ იმიტომ, რომ მისი შეწყალება მათ ინტერესში უფრო იყო, ვიდრე მზიას ინტერესში. თვითონ მზიას, მეტი შინაგანი კომფორტი აქვს მაშინ, როცა არის პატიმარი. მას არანაირი კომუნიკაცია არ უნდა ამ საკითხებზე, არც შეწყალებაზე, მან საპროცესო შეთანხმებაც კი არ მიიღო. მან წერილობითაც კი დაადასტურა, რომ არ ითხოვდა შეწყალებას. მათ ეს უნდა გაეკეთებინათ იმიტომ, რომ შეენარჩუნებინათ როგორც სახე, ისე ილუზიები, რომ ამ ქვეყანაში ინსტიტუციები არსებობს და ყველა ინსტიტუტი სისტემის ჭანჭიკი არაა, რომ სახელმწიფო გრძნობდა თუნდაც მორალურ პასუხისმგებლობას მზიას წიანაღმდეგ ჩადენილ არაერთ უკანონობასთან დაკავშირებით. რატომ მქონდა მოლოდინი - ჩვენი მართლმსაჯულების სისტემაშიც კი არ არის საქმე, სადაც ეს ქმედება -„სილის გალაწუნება“ - დაისაჯა პატიმრობით. არ არის მსგავსი სხვა მაგალითი. ეს საქმე, რაზედაც გადააკვალიფიცირა სასამართლომ, ითვალისწინებს ჯარიმას, შინა პატიმრობას და თავისუფლების აღკვეთას, ანუ სასამართლომ გამოიყენა ყველაზე მძიმე, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, - თქვა მწარიშვიალმა.

მისივე თქმით, მას ყაველაშვილის მიერ გამოცემული შეწყალების აქტის შემდეგ ამაღლობელი არ უნახავს და არ იცის, რას ფიქრობს ამ თემაზე.

მსგავსი სიახლეები