70 ექიმი პენიტენციურისგან ითხოვს, ზინოვკინას და სანდერსს დაუყოვნებლივ ჩაუტარდეს სამედიცინო კვლევები

23.01.26 16:05
70 ექიმი პენიტენციურისგან ითხოვს, ზინოვკინას და სანდერსს დაუყოვნებლივ ჩაუტარდეს სამედიცინო კვლევები

70 ექიმი პენიტენციური სამსახურისგან ითხოვს, პოლიტიკურ პატიმრებს - ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერსს დაუყოვნებლივ ჩაუტარდეს სრულყოფილი სამედიცინო კვლევები.

ექიმებმა დღეს შესაბამისი განცხადება პენიტენციურ სამსახურში შეუტანეს. 

რა წერია განცხადებაში: 

„სპეციალური პენიტენციური სამსახური თვეებია უგულებელყოფს პატიმარ ანასტასია ზინოვკინასა და პატიმარ ნანა სანდერის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას. არაერთი, ოფიციალური მიმართვის მიუხედავად, მოთხოვნები არ სრულდება, წერილობითი პასუხი არ არსებობს, ხოლო მათი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.

სწორედ ამიტომ ჩვენ, ექიმები, პროფესიული და ეთიკური პასუხისმგებლობით მოვითხოვთ რეჟიმის პატიმრებისთვის – ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერისთვის სრულფასოვანი, სამედიცინო კვლევების დაუყოვნებლივ ჩატარებას და შესაბამისი მკურნალობის უზრუნველყოფას.

მათ შორის:

აუცილებელი ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევები;

ყველა საჭირო ვიწრო პროფილის სპეციალისტის კონსულტაცია დამოუკიდებელი და ობიექტური სამედიცინო შეფასების უზრუნველსაყოფად;

სამედიცინო გამოკვლევები და მკურნალობა განხორციელდეს შესაბამის კლინიკაში საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების სრული დაცვით;

ექიმების მიერ უკვე გაცემული რეკომენდაციები სრულად და უწყვეტად შესრულდეს, დაიწყოს შესაბამისი სამკურნალო პროცესი და უზრუნველყოფილი იყოს: აუცილებელი მედიკამენტოზური თუ სხვა სახის თერაპია; მკურნალობის პროცესის უწყვეტობა და ეფექტური სამედიცინო მონიტორინგი; ასევე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი გაუარესების პრევენცია.

მიგვაჩნია, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება. პაციენტის მდგომარეობის უგულებელყოფა ან არასათანადო სამედიცინო დახმარება ეწინააღმდეგება როგორც მედიცინის ეთიკის, ისე ჰუმანიზმის პრინციპებს.

21-ე საუკუნეში სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა წარმოადგენს მინიმალურ ჰუმანურ სტანდარტს, რომლის დარღვევა მიუღებელია ნებისმიერ გარემოებაში“ – წერია განცხადებაში.

  • ანასტასია ზინოვკინა და ნანა სანდერი გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ.  სანდრი აცხადებს, რომ მისი ჯანმრთელობა პატიმრობის პირობებშო ყოვლდღიურად უარესდება. თვეებია კლინიკაში ეტაპირებას ითხოვს ანასტასია ზინოვკინაც, თუმცა საავადმყოფოს ნაცვლად ის უფრო მკაცრ დახურულ დაწესებულებაში გადაიყვანეს და სატელეფონო ზარებიც კი შეუზღუდეს.

მსგავსი სიახლეები