რუსების სარაკეტო იერიში უკრაინაზე - არიან დაღუპულები და დაშავებულები
რუსეთის საოკუპაციო არმიამ უკრაინაში სამშობიარო სახლი, საავადმყოფო და ლტოლვილთა საცხოვრებელი დაბომბა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე საათში ხარკოვში ჯამში 30 აფეთქება მოხდა.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, რუსულმა ძალებმა საცხოვრებელ სახლებს დაარტყეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 14 ადამიანი დაშავდა.
მთელი ღამის განმავლობაში, რუსებს უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური საჰაერო იერიში ჰქონდათ წამოწყებული. მთავარი სამიზნე იყო კიევიც. უკრაინის დედაქალაქს რუსეთის არმიამ დრონებით და ბალისტიკური რაკეტებით შეუტია. არიან გარდაცვლილებიც.
კიევის ნაწილს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტრო ენერგია, წყალი და ბუნებრივი აირი. კიევის მერი, მოქალაქეებს მოუწოდებს მოიმარაგონ მინიმუმ ხუთი დღის სამყოფი წყალი, საკვები და მედიკამენტები.
ეს თავდასხმები მოხდა მას შემდეგ, რაც რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლები პარასკევს აბუ-დაბიში შეხვდნენ ერთმანეთს. ეს იყო პირველი პირდაპირი მოლაპარაკებები თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულების იმ გეგმის გარშემო, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ლობირებს.