"ვერც ეს დაგვაშინებს" - სამოქალაქო აქტივისტების პასუხი ტროტუარზე დგომის გამო დაკავებებს
"ვერც ეს დაგვაშინებს" - ასე უპასუხა ხალხმა ტროტუარზე დგომის გამო, მათი თანამებრძოლების დაკავებას. შესაბამისი განცხადება სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტის 420-ე დღეს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე.
დემონსტრანტებს რუსთაველის გამზირზე მიტანილი ჰქონდათ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. საპროტესტო ბანერებზე კი ეწერათ: „სად უნდა თქვათ, ტროტუარზე დგომისთვის ხალხი დავიჭირეო?”
„მოგესალმებით,
დღეს რეჟიმმა კიდევ ერთხელ გადალახა სამართლიანობის, ადამიანობის ხაზი.
აი, ამ ადგილას ტროტუარზე დგომის გამო დაიჭირა ჩვენი თანამებრძოლი სანდრო მეგრელიშვილი.
უწესიერესი ადამიანი, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია სრულიად მშვიდობიანად იცავდა საქართველოს კონსტიტუციას და დასავლურ მომავალს.
ჩვენ არ ვართ აფილირებული არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან, ორგანიზაციასთან… თითქმის ორი წელია უწყვეტად ვიბრძვით,
რომ ამ ქვეყანამ არ დაკარგოს მომავალი.
დღეს რეჟიმმა უკვე დაიწყო ადამიანების დაკავება საფეხმავლო ბილიკზე. დაიჭირა ხუთი მოქალაქე.
ამას ჰყავს აღმასრულებლები - მოსამართლე, პოლიციელი…
რომლებსაც არ შეიძლება საკუთარი საქციელის გამართლება ჰქონდეთ არ პროფესიული, არც ადამიანური.
ჩვენ ვერ დაგვაშინა არც ერთმა უსამართლობამ, ძალადობამ, ვერ შეგვაშინებს ვერც ეს.
ვდგავართ და ვიდგებით ერთად - ბოლომდე. გამარჯვებამდე“.
გუშინ სასამართლომ ტროტუარზე დგომის გამო ჯამში, ხუთი ადამიანი გაუშვა პატიმრობაში.