საია-ზე გავრცელებულ დეზინფორმაციას სტრასბურგის სასამართლო პასუხობს

24.01.26 12:35
საია-ზე გავრცელებულ დეზინფორმაციას სტრასბურგის სასამართლო პასუხობს

საია-ზე გავრცელებულ დეზინფორმაციას სტრასბურგის სასამართლო პასუხობს - ევროსასამართლო  საია-ს მიერ დროებითი ღონისძიების მოთხოვნას უარყოფს.

როგორც სოციალურ ქსელში საიას თავმჯდომარე, თამარ ონიანი წერს, სტრასბურგის სასამართლომ ოფიციალურადაც დაადასტურა ის, რასაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამბობს - "ჩვენ გავგზავნეთ მხოლოდ საჩივარი და ახლა ვართ მისი განხილვის პროცესში". 

“მითების დეტექტორმა" ამ საკითხზე მოამზადა სტატია, სადაც ასევე წარმოდგენილია ევროსასამართლოს პასუხი. 

23 იანვარს პროსახელისუფლებო ტელევიზიებმა (იმედი; რუსთავი 2; POSTV), საინფორმაციო სააგენტოებმა (Spacesnews; რადიოსივრცე) და ანტიოპოზიციურმა გვერდმა “გეოპოლიტიკა”  გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საზოგადოებას დაუმალა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე უარი თქვა. ნაწილი (იმედი, რუსთავი 2; რადი სივრცე) ამტკიცებს, რომ დროებით ღონისძიებად არჩევნების შედეგების გაუქმებას საია სარჩელში თავად ითხოვდა.  

მედიაში გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურნენ  პარტია “ქართული ოცნებისა” და “ხალხის ძალის” წევრები, ასევე სახელისუფლებო ექსპერტები (გია აბაშიძე; ამირან სალუქვაძე). პარლამენტის დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა თქვა, რომ საიას საკმარისი მტკიცებულებები არ გააჩნდა. თამთა მეგრელიშვილმა კი დაწერა: “უცხოეთიდან დაფინანსებული „საია“ 2024 წელშივე ითხოვდა სტრასბურგში საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას დროებითი ღონისძიების სახით, რაზეც მიიღო სასტიკი უარი.”  

  • ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს ECHR-მა არ დააკმაყოფილა საიას მოთხოვნა დროებითი ზომის გამოყენებისა და  საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ. ორგანიზაციას ასეთი მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს, რაც სტრასბურგის სასამართლომ დაგვიდასტურა. ასევე, დოკუმენტი, რომელსაც პროსახელისუფლებო მედია იყენებს, საიას სარჩელი არაა, მას განსხვავებული სახელი და ნომერი აქვს. 

საია უარყოფს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს დროებითი ღონისძიების ამოქმედების მოთხოვნით მიმართეს. ორგანიზაციამ სარჩელი მხოლოდ ორი მომჩივნის  სახელით წარადგინა, საქართველოს ახალგაზდა იურისტთა ასოციაციისა და ფიზიკური პირის სახელით. საპასუხო განცხადებაში მათ აღნიშნეს, რომ მედიაში გავრცელებული დოკუმენტი, რომელიც დროებით ღონისძიებაზე უარის შესახებ ინფორმაციას შეიცავს, ორგანიზაციის სარჩელის შესახებ არაა. განცხადებაში წერია, რომ საიამ სარჩელი 2025 წელს შეიტანა, დოკუმენტში კი საუბარია 2024 წელს წარდგენილ საჩივრებზე. ორგანიზაციამ განცხადებას დაურთო საჩივრის სახელი და ნომერი, რომელიც განსხვავეულია იმ საჩივრისგან, რომელზეც მედია მიუთითებს. 

იმის დასაზუსტებლად, მოითხოვა თუ არა საიამ სარჩელით რაიმე სახის დროებითი ზომის ამოქმედება და არჩევნების შედეგების გაუქმება, “მითების დეტექტორი” დაუკავშირდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მედიასთან ურთიერთობის სამსახურს. მათ რამდენიმე კითხვით მივმართეთ, თუმცა ინფორმაციის შეზღუდულად მოწოდება შეძლეს.

საპასუხო წერილით დგინდება, რომ სარჩელი “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მელაძე საქართველოს წინააღმდეგ”, ნომრით 6547/25, განხილვის პროცესშია და განმცხადებლებს დროებითი ღონისძიების გამოყენება არ მოუთხოვიათ. 

მსგავსი სიახლეები