მოკლული მასწავლებლის ოჯახი ირწმუნება, რომ ერთ-ერთი დაკავებულის ახლობლები ემუქრებიან
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახი ირწმუნება, რომ ერთ-ერთი დაკავებულის ახლობლები ემუქრებიან. ეკა კუპატაძე ტვ პირველს ეუბნება, რომ მიზეზი მისი მოთხოვნაა - დაუმძიმონ ბრალდება დაჭერილ არასწრულოვნებს.
მისი თქმით, მის ძმას დაკავებული მოზარდის მამამ, ალექსანდრე გაბაშვილმა მუქარის შემცველი ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა და უთხრა, რომ გიგას საფლავზეც იმყოფებოდა.
დღეს დილით ჩემს ძმას დახვდა ტელეფონში მესიჯი ალექსანდრე გაბაშვილის მუქარის. ალექსანდრე გაბაშვილი ეუბნება ჩემს ძმას, შენც შვილების მამა ხარ, ირიბად ვითომ, და გვეუბნება, რომ ან თქვენ დაამტკიცებთ, რომ ჩემმა შვილმა მოკლა გიგა ავალიანი, ან მე დაგიმტკიცებთ, რომ არ მოუკლავს ჩემს შვილს და წერს, რომ იყო გიგას საფლავზე.
ალექსანდრე გაბაშვილო, ერთი, შენ მოგმართავ, ასე ერთუჯრედიანი როგორ ხარ ეს ამხელა მასა?! მე შვილი მომიკალი და როგორ გგონია, რამით შემაშინებ? ვინმეს ეშინია შენი მუქარის? ჩემს ძიშვილებს შენნაირი მხდალი მამა კი არ ჰყავთ! მიდი და გაუბედე, ირაკლი კუპატაძისი შვილებს და მოკალი! ჩემს ძმისშვლებს შენნაირი მამები კი არ ჰყავთ, ჩემი ძმებისნაირი მამები ჰყავთ. შენ გიგა მოგვიკალი და გგონია, რამით შეგვაშინებ?, - ამბობს ეკა კუპატაძე.
ცნობისთვის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს - დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს ბრალდება დაუმძიმდათ. აქამდე მათ დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ. დამძიმებული ბრალდება, რომელიც განზრახ მძიმე დაზიანების ჯგუფურად მომზადებას გულისხმობს, 9-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რა მოხდა?
საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ახალგაზრდა 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
რა დაწერა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ:
სიკვდილის მიზეზი გახდა „ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“.
რამდენი პირი დააკავეს?
საქმეზე ოთხი პირია დაკავებული, აქედან, თავდაპირველად, ბრალდება ორ არასრულწლოვანს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, თუმცა ავალიანების მოთხოვნის შემდეგ მათ ბრალი დაუმძიმდათ.