გიგა ავალიანის საქმე - არასრუწლოვანი გოგონას დედა საქმის მასალების გასაჯაროებას ითხოვს
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, სკოლის მოსწავლე გოგონას დედა ამტკიცებს, რომ მის შვილს მასწვალების მკვლელობა არ შეუკვეთავს და ამას საქმის მასალებიც ცხადყოფს. ამის შესახებ თამუნა იმნაძე ნავროზაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ქალი საქმის მასალების გასაჯაროებას ითხოვს და ირწმუნება, რომ მისი შილის მიმართ ბრალდებები უსაფუძვლო და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.
ამასთან, ნ.ი.-ის დედა ამტკიცებს, რომ მისი შვილი სექსუალური შევიწროების მსხვერპლი იყო.
მე ამდენი ხნის განმავლობაში მქონდა სურვილი მეპასუხა იმ ცრუ ბრალდებებზე, რომელიც ისმოდა ჩემი შვილის - ნია იმნაძის მიმართ, თუმცა არ ვსაუბრობდი ვინაიდან ვფიქრობდი, რომ გარდაცვლილეზე ან კარგს ამბობენ ან არაფერს. მე არ მინდოდა საზოგადოებისათვის მგრძნობიარე სიტუაციის უფრო სენსიტიურად ქცევა და მიუხედავად ჩემი შვილის სიმართლისა ვითვალისწინებდი საზოგადოების წინასწარგანწყობას, რომელსაც ყოველთვის აქვს ემპათია გარდაცვლილის ოჯახის მიმართ, ამიტომ ვდუმდი.
ჩვენ პროკურატურას თავიდანვე ვთხოვდით, რომ გიგა ავალიანის ოჯახის წევრებისათვის მიეწოდებინათ დეტალური ინფორმაცია, რათა დარწმუნებული ყოფილიყვნენ ჩემი შვილის ნიას უდანაშაულობაში - თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეკა კუპატაძემ იცის, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა და დეტალურად იცნობს საქმის მასალებს, მას საზოგადოება მიზანმიმართულად შეჰყავს შეცდომაში. მე ვფიქრობდი, რომ როდესაც გიგა ავალიანის ოჯახის წევრები ნახავდნენ საქმის მასალებს დარწმუნდებოდნენ, რომ ჩემი შვილის მიმართ ბრალდებები მკვლელობის შეკვეთანსთან დაკავშირებით უსაფუძვლო იყო.
გაშავების შესაძლებლობა აქამდე არ მქონდა?! შენ ვერ მიხვდი ჩემი სიჩუმის რეალურ მიზეზს, არ გაჩერდი, ახლა კი ხალხი მთხოვს პასუხს.
მე არ მაქვს საქმის მასალები და ვერ გავასაჯაროვებ! შენ გაქვს! თუ სიმართლეა რასაც ამბობ, ამოიღე როგორც თავად თქვი მეცხრე ტომის 190-200 გვერდები და ვიდეო ჩანაწერი, ხოლო დანარჩენი საქმის მასალა გაასაჯაროვე სრულად, მათ შორის ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმი, რომელიც ადვოკატის თქმით საქმეში უნდა იდოს! არც მე არ მინდა კინო, ისედაც გული მისკდება, რომ ადამიანი გარდაიცვალა, არასრუწლოვნები და მათი ოჯახები გაუბედურდნენ! მაგრამ ძალიან კარგად ვიცი, რომ ამას არ იზამ, იმიტომ რომ იტყუები!
შენ ბოროტად იყენებ საზოგადოების თანაგრძნობას და საზოგადოებას აქეზებ, რომ მკვლელობა ჩაიდინონ. დედის რძე უნდა არწყევინო თურმე ჩემს შვილს იმ სიმართლისთვის რისი აღიარებაც შენ არ გინდა.
მივმართავ საზოგადოებას!
რა გინდათ ჩემი შვილისგან, რომელიც გიგა ავალიანთან განათლებისათვის, გზის გაკვალვისთვის მივიყვანე და არა იმისათვის, რომ სექსუალურად შეევიწროვებინა!
რისთის უნდა გაასამართლოთ ჩემი შვილი?
16 წლის გოგო შეცდა, რომ თქვა სექსუალურად მავიწროვებენო?
რისთვის ლანძღავთ? ბავშვებს ასწავლით, რომ მათზე 12 წლით უფროსი ადამიანი თუ შეუსაბამოდ იქცევა ხმა არ ამოიღონ? ეუბნებით, რომ ყველა შემდგომი შედეგი მათი პასუხისმგებლობაა? გაჩუმდნენ და მოითმინონ?
ისე გადაუარეთ ჩემს შვილს, რომ არც კი გიკითხავთ იცოდა თუ არა რაიმე ან ვინმეს დაავალა თუ არა რამე?
გაასაჯაროვე საქმის მასალები და თუ შენს მიერ ნათქვამი სიტყვები რეალური აღმოჩნდება, მე ჩემს შვილს ჩემი ხელით მივიყვან პოლიციაში!, - წერს თამუნა იმნაძე ნავროზაშვილი.
ცნობისთვის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს - დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს ბრალდება დაუმძიმდათ. აქამდე მათ დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ. დამძიმებული ბრალდება, რომელიც განზრახ მძიმე დაზიანების ჯგუფურად მომზადებას გულისხმობს, 9-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რა მოხდა?
საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ახალგაზრდა 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
რა დაწერა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ:
სიკვდილის მიზეზი გახდა „ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“.
რამდენი პირი დააკავეს?
საქმეზე ოთხი პირია დაკავებული, აქედან, თავდაპირველად, ბრალდება ორ არასრულწლოვანს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, თუმცა ავალიანების მოთხოვნის შემდეგ მათ ბრალი დაუმძიმდათ.