ავტომობილში ნაპოვნია წერილი - სუს-თან გარდაცვლილი პირი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელია

26.01.26 13:36
ავტომობილში ნაპოვნია წერილი - სუს-თან გარდაცვლილი პირი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელია

პროკურატურა ადასტურებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ნაპოვნი ცხედარი, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლს ეკუთვნის. 

უწყების ცნობით,  გარდაცვალების ფაქტზე, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

გავრცელებულ განცხადებაში პროკურატურა წერს, რომ "შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გარდაცვლილს თან ჰქონდა და წერილი, რომელიც გვერდითა სავარძელზე იქნა ნანახი". 

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დღეს დილით საკუთარ ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გარდაცვლილს თან ჰქონდა და წერილი, რომელიც გვერდითა სავარძელზე იქნა ნანახი.

მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები"- წერს უწყება.

რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, უწყებაშიც ადასტურებენ, რომ გარდაცვილი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი იყო. 

ეს ადამიანი იყო ანტიკორუფციული სააგენტოს ძალიან გამოცდილი და ღირსეული თანამშრომელი, რომელიც ყველას ძალიან უყვარდა. პირველადი, რაც შეგვიძლია გითხრათ, არის ის რომ, რამდენიმე თვის წინ საზღვარგარეთ გაიკეთა ბარიატრიული ოპერაცია, დაიკლო ათეულობით კილოგრამი, ამის გამო ჰქონდა ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემებიც. რაც იკვეთება ახლა და ვიცით თანამშრომლებისგან - ის ადრე მოვიდა დილით სამსახურში, როგოც ჩანს, აიღო იარაღი, გავიდა სამსახურის ტერიტორიიდან და თავის ავტომანქანაში იპოვეს გარდაცვლილი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით, ავტომანქანის გვერდით სავარძელზე დატოვა წერილი. ეს არის მხოლოდ პირველადი მონაცემები, რაც ჩვენთვის ცნობილია. სხვა დეტალებს გამოძიება დაადგენს, - უთხრეს "პირველებს" სუს-ში.