სასახლის ღობის საქმე - სასამართლოში 12 პირის პროცესი გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული 12 პირის პროცესი გაიმართება.
განსასჯელის სკამზე სხედან: აბო ნავერიანი, ვახტანგ ფიცხელაური, გურიელ ქარდავა, ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, ნანა სანდერი, მამუკა ლაბუჩიძე, გიორგი მულაძე, მარიამ მეყანწიშვილი, ავთანდილ სურმანიძე, ანტონ უპერ და თემურ ქურციკიძე.
დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი და მხარეები ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
წინა სასამართლო სხდომაზე დააყენა ბრალდების მხარემ შუამდგომლობა, თუმცა განხილვაც ვერ მოვასწარით და დღეს უკვე იქნება მისი დასაშვებობის საკითხი 239-ე მუხლთან მიმართებაში. აღნიშნული დოკუმენტაციები არის სამედიცინო ისტორიები ე.წ. დაზარალებულების და შესაბამისად, დაცვის მხარეს ექნება აღნიშნულ მტკიცებულების დართვასთან დაკავშირებით შესაბამისი პოზიცია, თუ რატომ არ უნდა დაერთოს აღნიშნული მტკიცებულებები საქმეში და რატომ არის საპროცესო კანონმდებლობის, საპროცესო განაწესით დადგენილი წესების დარღვევით მოპოვებული და ითხოვს ბრალდების მხარე აღნიშნული მტკიცებულებების საქმეზე დართვას," - ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი.
ცნობისთვის, ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელა ქარდავას, ვახტანგ ფიცხელაურს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, აბო ნავერიანს, ანტონ უპერს, ავთანდილ სურმანიძეს, გიორგი მულაძეს და თემურ ქურციკიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება სსსკ-ის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.
ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.