"საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით აღშფოთებული ვარ" - თბილისში დაკავებული რუსი აქტივისტის შვილი
საქართველოში დაკავებული რუსი აქტივისტის, მიხეილ ტიმოფეევის ვაჟი აცხადებს, რომ მამა აბსურდული მიზეზით დაუპატიმრეს. ამის შესახებ ის ვიდეომიმართვაში საუბრობს. მისი თქმით, მათი ოჯახი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით აღშფოთებულები და დამწუხრებულები არიან.
ტიმოფეევის ვაჟი პირდაპირ ამბობს, რომ რუსეთის ხელისუფლება მამამისს მხოლოდ იმიტომ დევნის, რომ ის პუტინის ოპონენტია.
ის ასევე მიხეილ ტიმოფეევის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და ქართველ ხალხს და "ოცნების" მთავრობას დახმარებას სთხოვს.
მეც და ტიმოფეევის მთელი ოჯახი აღშფოთებულები და ღრმად დამწუხრებულები ვართ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით. მამაჩემი აბსურდული ბრალდებითაა დაპატიმრებული დანაშაულისთვის, რომლის ხანგრძლივობის ვადებიც უკვე დიდი ხანია, რაც ამოწურულია. რეალურად, კი მისი ბრალი არის მხოლოდ ის, რომ იგი ეხმარებოდა ფურგალს, რომელიც პუტინის ოფიციალური ოპონენტია. ამ დევნის პოლიტიკური ხასიათი ოფიციალურად დადასტურებულია. ამის მიუხედავად, საქართველოს პოლიციამ ნაცვლად იმისა, რომ საერთაშორისო დაცვა უზრუნველყო, რომელიც გარანტირებულია კონვენციით, დევნილის სტატუსის მქონეთათვის, ციხეში გაუშვა მამაჩემი ინტერპოლის იმ ორდერის მიხედვით, რომელიც თავად ინტერპოლმა გააუქმა.
მამა მძიმედ დაავადებულია და ციხეში გატარებული თითოეული დღე მას სიცოცხლის წლებს ართმევს. მისი დიაგნოზით სრულიად გამორიცხულია ციხის კვება და რამდენიმე დღეა ის არც ჭამს და არც არაფერს სვამს.
მივმართავ ქართველ ხალხს და მის მთავრობას, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულმოწყალება და გადამირჩინეთ მამა. ის კრიმინალური ავტორიტეტი კი არ არის, ჩვეულებრივი ადამიანია და არ იმსახურებს ასეთ მოპყრობას, - ამბობს ვიდეომიმართვაში ტიმოფეევის ვაჟი.
„დოჟდის“ ინფორმაციით, რუსეთის მოთხოვნით, საქართველოში დააკავეს რუსი ყოფილი მაღალჩინოსანი, ხაბაროვსკის მხარის ყოფილი გუბერნატორის თანაშემწე, მიხეილ ტიმოფეევი, რომელიც საქართველოში 2024 წლის მარტიდან იმყოფებოდა და ითხოვდა პოლიტიკურ თავშესაფარს, რადგან მისი თქმით, პუტინის ხელისუფლება მას დევნიდა.
გამოცემის ცნობით, ტიმოფეევი 23 იანვარს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აიყვანეს და სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
ადვოკატები ვარაუდობენ, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება რუსეთს აძლევს საშუალებასა ოფიციალურად მიმართოს საქართველოს მის ექსტრადიციასთან დაკავშირებით.