საქართველოში დაკავებულ რუს ოპოზიციონერს მოსკოვში ექსტრადაცია და წამება ემუქრება

27.01.26 21:11
საქართველოში დაკავებულ რუს ოპოზიციონერს მოსკოვში ექსტრადაცია და წამება ემუქრება

საქართველოში დაკავებულია რუსეთის მოქალაქე მიხაილ ტიმოფეევი, ხაბაროვსკის ყოფილი გუბერნატორის, სერგეი ფურგალის თანაშემწე. ტიმოფეევი, რომელიც რუსეთიდან გაქცევის შემდეგ საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას ცდილობდა, ამჟამად საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფება.

ადვოკატები ტიმოფეევს დღეს შეხვდნენ. მათი ინფორმაციით, რუსეთის ციხეში ყოფნის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუარესებული და პატიმრობაში დარჩენის შემთხვევაში მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დადგება.

სასამართლომ მიხაილ ტიმოფეევს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, მიუხედავად იმისა, რომ ინტერპოლს მისი წითელი ცირკულარით ძებნა გაუქმებული აქვს. დაცვის მხარის ცნობით, დაკავება მხოლოდ მოსკოვიდან გამოგზავნილ წერილს დაეფუძნა და რუსეთის მხრიდან ექსტრადიციის ოფიციალური მოთხოვნა ამ ეტაპზე არ არსებობს. საექსტრადაციო პატიმრობის ვადის განმავლობაში რუსეთს შესაძლებლობა აქვს, მისი გადაცემის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართოს საქართველოს.

ადვოკატების განმარტებით, ტიმოფეევი კრემლისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. ფურგალი რუსეთის პრეზიდენტის ოპონენტად მიიჩნევა და მისი დაკავება 2020–2021 წლებში ხაბაროვსკში მასობრივი პროტესტის მიზეზი გახდა.

მიხაილ ტიმოფეევი უკვე მეორე წელია საქართველოში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. მისი განცხადებით, იგი რუსეთის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას განიცდის. თუმცა საქართველოს მიგრაციის დეპარტამენტმა მას ლტოლვილის სტატუსზე უარი უთხრა. აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლოში გასაჩივრებულია.

ტიმოფეევის ოჯახი საერთაშორისო თანამეგობრობასა და უფლებადამცველ ორგანიზაციებს დახმარებისკენ მოუწოდებს.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები