"შოუ და ფასადური წარმოდგენა" - ეკონომისტები კობახიძის ფასების კომისიაზე

28.01.26 12:07
"შოუ და ფასადური წარმოდგენა" - ეკონომისტები კობახიძის ფასების კომისიაზე

"შოუ და ფასადური წარმოდგენა" - ასე აფასებენ ეკონომისტები კობახიძის ფასების კომისიას. სპეციალისტების თქმით, ფარმაცევტული კომპანიების მფლობელების დიდი ნაწილი სწორედ "ოცნების" წიაღში არსებული ბიზნესმენები არიან, ამიტომ გაუგებარია, რას აკეთებდა ამ დრომდე ივანიშვილის ხელისუფლება, თუკი ფიქრობდა, რომ ამ სექტორში "გარიგებას" ჰქონდა ადგილი.   

თუ საუბარია იმაზე, რომ ეს ფარმაცევტული კომპანიები რაღაც გარიგებებში არიან ერთმანეთთან, უნდა გვესმოდეს, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა არის "ქართული ოცნების" წიაღში არსებული ბიზნესმენები და თუ გარიგებაზე იყო საუბარი, აქამდე ამაზე რეაგირება უნდა ჰქონოდათ. ეს არ არის მნიშვნელოვანი, ამ შემთხვევაში, საუბარია იმაზე, რომ შოუს დგამენ, თითქოს რაღაცას იძიებენ და იკვლევენ, - ამბობს "ცვლილებისთვის" წევრი დავით მჟავანაძე.

ეკონომისტი პაატა ბაირახტარი ფიქრობს, რომ ფასებთან ბრძოლის კამპანია ფასადურ ხასიათს ატარებს. 

ფასებთან ბრძოლის კამპანიას, მე, სიმართლე გითხრათ, ცოტა ფასადურად ვუყურებ. ამის ნათელი დასტურია ის, რომ პარლამენტში არიან დეპუტატები, რომლებსაც აქვთ თავიანთი ფარმაცევტული კომპანიები, რომლებიც ფარმაცევტული პროდუქტებისა და მედიკამენტების იმპორტით არიან ქვეყანაში დაკავებულები და დამერწმუნეთ, რომ არც თუ ისე მოქნილი ფასები არ აქვთ ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე, როცა შენი გუნდის წევრია ამ საქმიანობაში ჩართული და ყველაფერი ხელის გულზეა, რაღაც შეხვედრები და საგამოძებო კომისიები ამის დასარეგულირებლად, ჩემი აზრით, უბრალოდ, ფასადური წარმოადგენაა, - ამბობს პაატა ბაირახტარი.  

გიორგი ხიშტოვანი ამბობს, რომ წლებია "ოცნება" ფარმაციის ქეისზე მუშაობს, რაც აჩენს კითხვას, რატომ ვერ დაიდო აქამდე შედეგი.  

ან გვაქვს გარიგება, ეს არის დანაშაული და უნდა დაისაჯოს მოთამაშე, ან ადამიანი, ბიზნესმენი ადებს პროდუქტს იმ ფასს, რა ფასსაც თვლის, რომ არის მოთხოვნადი და გადამხდელია მომხმარებელი. ეს ერთი საკითხი. მეორე - ფარმაციის ქეისი არის საინტერესო იმიტომ, რომ წესით, წლებია უკვე "ქართული ოცნება" ამ საკითხზე უნდა მუშაობდეს. ბევრად უფრო რეგულირებულია, ვიდრე საცალო ვაჭრობა. რა შედეგები ჰქონდა მუშაობას "ქართული ოცნების" მთავრობის და რატომ ვერ დაიდო შედეგი?, - ამბობს გიორგი ხიშტოვანი. 

შეგახსენებთ, რომ დღეს ფასების კომისიის რიგით მეოთხე შეხვედრა გაიმართება. სხდომაზე ფარმაცევტული კომანიების წარმომადგენლებს ელოდებიან. მანამდე ირაკლი კობახიძე, ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს, დისტრიბუტორებს და ადგილობრივ მწარმოებლებს შეხვდა. 

შეხვედრა ასევე გაიმართება ნავტობიმპორტიორებთანაც, რის შემდეგაც პროცესები უკვე პარლამენტში გადაინაცვლებს. 

მსგავსი სიახლეები