სასახლის ღობის საქმე - სასამართლოში 13 პირის პროცესი მიმდინარეობს
სასახლის ღობის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში 13 პირის - კახაბერ კვაჭანტირაძის, სიმონ მახარაძის, გია თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილის, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძის, გიორგი ტალახაძის, დავით გიუნაშვილის, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძის, კობა ეპიტაშვილის, მანუჩარ მიქელაძის და ბექა მაჭავარიანის პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე თამარ მახარობლიძე იხილავს.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის ვიდეო-მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება.
პროცესს ერთ-ერთი ბრალდებული, გიორგი კირვალიძე არ ესწრება. დასწრებაზე უარი თავად კირვალიძემ განაცხადა და პენიტენციური დაწესებულებიდან შესაბამისი წერილი წარმოადგინა.
- ცნობისთვის, კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, გია თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.