Reuters: დაკავებული ნავთობტანკერის ქართველი კაპიტანი აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდზეა
აშშ-მა დაკავებული ნავთობტანკერის ქართველი კაპიტანი, ავთანდილ კალანდაძე, დიდი ბრიტანეთის ტერიტორიული წყლებიდან გაიყვანა და ის ამჟამად აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდზე იმყოფება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ვენესუელასთან დაკავშირებული და რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი Marinera (ყოფილი Bella 1) აშშ-მა 7 იანვარს, ისლანდიასთან ახლოს დააკავა. დაკავების შემდეგ გემი და ეკიპაჟი შოტლანდიის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
კალანდაძის მეუღლის ადვოკატის, აამერ ანვარის განცხადებით, მიუხედავად სასამართლო პროცესის მიმდინარეობისა, ქართველი კაპიტანი შოტლანდიის იურისდიქციიდან აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდ Munro-ზე გადაიყვანეს. ადვოკატის თქმით, ტანკერის დანარჩენი ეკიპაჟის წევრები დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე დარჩნენ, ნაწილი კი აშშ-ში გამგზავრებას დათანხმდა.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ეკიპაჟის წევრების საქმე შესაბამისი სამართლებრივი და საიმიგრაციო პროცედურების ფარგლებში განიხილება. მისი თქმით, რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ მოქმედება ბრიტანეთის მთავრობის პრიორიტეტად რჩება.
მედიის ცნობით, ტანკერზე იმყოფებოდნენ საქართველოს, უკრაინის, რუსეთისა და ინდოეთის მოქალაქეები.