ილია ღუდუშაური ნახევარმილიონიანი გირაოს გადახდას სავარაუდოდ, ქონების უზრუნველყოფით აპირებს
ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ილია ღუდუშაურის ადვოკატის, ლევან სეფიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი შეფარდებულ საპატიმრო გირაოს, სავარაუდოდ, უძრავი ქონების უზრუნველყოფით დაფარავს.
ამის შესახებ ადვოკატმა პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ბრალდების მხარემ გაითვალისწინა ის წინაპირობები, რაც არსებობდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე... აღიარებდა მის მიერ ბრალად წარდგენილ ქმედებას და შესაბამისად მოთხოვნილ იქნა აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო 500 ათასი ლარის ოდენობით. როგორც ჩემთვის ცნობილია და როგორც სავარაუდოა, ეს იქნება უძრავი ქონების უზრუნველყოფით," - განაცხადა ლევან სეფიაშვილმა.
- ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ილია ღუდუშაურს, აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა.
- ექს მაღალჩინოსანმა ნახევარი მილიონი ლარი ერთ თვეში უნდა გადაიხადოს. თანხის სრულად გადახდამდე ის პატიმრობაში დარჩება.
- ჯანდაცვის მინისტრის ექს მაოდგილეს ჩამოერთვა პასპორტი და აეკრძალა ქვეყნის დატოვებაც.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გუშინ წინ დააკავეს. ილია ღუდუშაურს ბრალი 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.
საქმე ეხება 2022 -23 წლების პერიოდში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვას.
საქმის მასალების მიხედვით, 2022 წლის 27 სექტემბერს სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე. ტენდერის საბოლოო ბენეფიციარი იყო სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ, ხოლო გამარჯვებულად გამოვლინდა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი - 8 525 876 ლარი შესთავაზა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მიუხედავად ხელსაყრელი პირობებისა, ტენდერი შეწყდა ილია ღუდუშაურის დავალებით. 2023 წლის 10 მაისს კი ღუდუშაურის მითითებით ტენდერის პირობები ერთ კონკრეტულ კომპანიას მოარგეს.