ჯარის ძარცვის საქმე - პროკურორი ადასტურებს, რომ საქმის ოქროს მოწმე სასამართლოს მამხილებელ ჩვენებას მისცემს

29.01.26 20:35
ჯარის ძარცვის საქმე - პროკურორი ადასტურებს, რომ საქმის ოქროს მოწმე სასამართლოს მამხილებელ ჩვენებას მისცემს

ჯარის ძარცვის საქმე - პროკურორი ანი ლეკიაშვილი ადასტურებს, რომ მომდევნო ან იმის შემდგომ სხდომაზე საქმის ოქროს მოწმე, ბიზნესმენი ზურაბ ტუკვაძე დაიკითხება.

ტუკვაძე არის პირი, რომელმაც სუს-ს ჩვენება ჯუანშერ ბურჭულაძის წინააღმდეგ მისცა.

  •  ზურაბ ტუკვაძე სუს-ს ჩვენებაში უყვება, რომ მოგებული ტენდერების სანაცვლოდ იხდიდა ქრთამს და ფულს უგზავნიდა თავდაცის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძეს.
  • მეტიც, ბიზნესმენი ჩვენებაში ამბობს, რომ ეს კორუფციული სქემა ირაკლი ღარიბაშვილთან იყო შეთანხმებული.

პროკურორი ამბობს, რომ ტუკვაძე სასამართლოს მამხილებელ ჩვენებს მიაწვდის იმ პირების ბრალეულობაზე, რომლებიც სისხლის სამართლის საქმეში არიან ბრალდებულები. 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმე არის ზურაბ ტუკვაძე სხვა მოწმეებთან ერთად. ბრალდების მხარე გეგმავს უახლოეს პროცესებზე - შეიძლება შემდეგი პროცესი არ იყოს და იმის შემდეგი იყოს, თუმცა უახლოეს პროცესებზე ფიქრობს მის დაკითხვას. ის სრულად მიაწვდის სასამართლოს მის ხელთ არსებულ ინფორმაციას, რაც ეხება პირდაპირ გარკვეული პირების ბრალეულობას, მათ შორის ვასილ მხეიძის, ჯუანშერ ბურჭულაძის და ა.შ.- აცახდებს პროკურორი. 

ანი ლეკიაშვილმა სასამართლსო დასრულების შემდეგ ასევე ისაუბრა იმ მოწმეებზეც, ვინც დღევანდელ პროცესზე დაიკითხნენ. 

"ერთ შემთხვევაში ერთ-ერთმა მოწმემ გააჟღერა თავდაცვის სამინისტროს პოზიცია მათთვის მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით, რომელიც დღემდე არ ანაზღაურებულა. აღნიშნული პირი მონაწილეობს სისხლის სამართლის საქმეში, როგორც დაზარალებულის, ანუ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი. დანარჩენი ორი პირი იყო თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების კომისიის წარმომადგენელი. მათ ისაუბრეს, როგორ ხორციელდებოდა გარკვეული სახის შესყიდვები, მათ რა როლი ჰქონდათ, კონკრეტულად ვინ იღებდა გადაწყვეტილებას, რომ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი შეთანხმებული იყო თავდაცვის მინისტრთან და მის მოადგილეებთან და ამ საკითხებზეც, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას იღებდნენ აღნიშნული პირები", - განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. 

შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.

  • ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.

 

მსგავსი სიახლეები