აი ფაქტი: ბათუმის პორტში დგას გემი, რომელიც უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინულ ხორბალს იპარავდა
ბათუმის პორტში დგას გემი, რომელიც უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინულ ხორბალს იპარავდა - ტანკერი პორტში 28 იანვარს მარცვლეულით დატვირთული შევიდა.
როგორც "აი ფაქტი" წერს, თავად ეს ფაქტი განსაკუთრებულ ყურადღებას არ მიიქცევდა, რომ არა ამ გემის წარსული და მისი ბუნდოვანი მარშრუტი საქართველოში შემოსვლამდე.
საუბარია საერთო დანიშნულების სატვირთო გემზე ZHIBEK ZHOLY (IMO 9598880). ოფიციალური მონაცემებით, გემი 22 იანვარს გამოვიდა რუსეთის პორტ იეისკიდან (RUS YEYSK) და 28 იანვარს შევიდა ბათუმის პორტში. ერთი შეხედვით, ეს ჩვეულებრივი რეისია — რუსეთიდან საქართველოში, შავი ზღვის გავლით.
თუმცა, ირკვევა, რომ ამ ექვსდღიანი მონაკვეთის განმავლობაში გემს, ფაქტობრივად, გათიშული ჰქონდა ავტომატური იდენტიფიცირების სისტემის (AIS) სიგნალი და მისი ადგილმდებარეობა უცნობი იყო. 23 იანვარს, სიგნალი გადაიცემოდა მხოლოდ მაშინ, როცა გემი რუსეთის პორტში იმყოფებოდა და შემდეგ 26 იანვარს, უკვე მაშინ, როცა იგი საქართველოს სანაპიროს მიუახლოვდა. შუალედურ მონაკვეთში, შავ ზღვაში გადაადგილებისას, გემი, ფაქტობრივად, გაქრა მონიტორინგის სისტემებიდან.
საეჭვოა არა მხოლოდ AIS მონაცემების გაქრობა, არამედ ვხედავთ, რომ გემის ჩაძირვის (draft) მაჩვენებელიც არასრული და ფაქტობრივად ყალბია. როგორც მონაცემები აჩვენებს, გემი დაუტვირთავ მდგომარეობაშიც და მარცვლეულით დატვირთვის შემდეგაც ერთსა და იმავე — 4.2 მეტრიან — ჩაძირვის დონეს მიუთითებს. ეს ტექნიკური თვალსაზრისით გამორიცხულია და მიუთითებს, რომ ეკიპაჟს გემის შესახებ მონაცემები და პარამეტრები განზრახ არ განუახლებია.
საზღვაო პრაქტიკაში მსგავსი მეთოდი ხშირად გამოიყენება მაშინ, როდესაც ტვირთის რეალური რაოდენობის ან ტიპის დამალვა სურთ.
დამატებით საყურადღებოა ისიც, რომ პორტი, საიდანაც გემი ოფიციალურად გამოვიდა — იეისკი — გეოგრაფიულად უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. ანუ, მას მარტივად შეეძლო იმ დროს, როცა სიგნალი გათიშული ჰქონდა, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე პორტში შეევლო და ტვირთი ან მიეღო, ან გაეცა.
ასეთი რამ ამ გემს ადრეც გაუკეთებია და უკრაინის დაზვერვის სამსახურის ოფიციალური მონაცემების თანახმად, ZHIBEK ZHOLY უკრაინული მარცვლეულის ქურდობაშია შემჩნეული. ამ გემის მიერ უკრაინული მარცვლეულის გადაზიდვაზე საერთაშორისო მედიაც წერდა. BBC-ის 2022 წლის 3 ივლისის სტატიაში ნათქვამია, რომ ZHIBEK ZHOLY ბერდიანსკის პორტში 2022 წლის ივნისის ბოლოს შევიდა და 7 000 ტონა მარცვლეულით დაიტვირთა. ბერდიანსკის პორტი რუსების მიერ 2022 წლის მარტიდან ოკუპირებულია.
2022 წლის ივლისში გემი თურქეთში, პორტ კარასუსთან, უკრაინის მოთხოვნით, დროებით დააკავეს. თუმცა, თურქეთის ოფიციალურმა პირებმა 6 ივლისს გემი გაათავისუფლეს. თურქეთის ეს გადაწყვეტილება უკრაინაში მწვავედ მიიღეს, ფაქტს მიუღებელი უწოდეს და კიევში თურქეთის ელჩი დამატებითი განმარტებების მოსასმენად დაიბარეს.
მიუხედავად ამისა, გემს რუსეთის ტერიტორიულ წყლებში დაბრუნების უფლება მისცეს. რუსეთის მხარემ ბრალდებები უარყო, განაცხადა, რომ ტვირთი კანონიერი იყო და ოკუპაციის შემდეგ ბერდიანსკის პორტიდან ექსპორტზე პირველად გაიტანეს.
განახლება: 30/01/2026
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით, სანქციების რეჟიმს მკაცრად აღასრულებენ და გასულ წელს სააგენტოს მიერ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოსვლაზე უარი 18 გემს, წელს კი 1 გემს ეთქვა.
სააგენტომ „აი ფაქტის” მიერ გამოქვეყნებული სტატიის საპასუხოდ განცხადება გაავრცელა, სადაც გემებისთვის შემოსვლაზე უარის თქმის სტატისტიკაცაა მოყვანილი:
"გვსურს, გამოვეხმაუროთ ონლაინ გამოცემა „აი ფაქტის” მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას გემის Zhibek Zholy შესახებ, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა და აღნიშნულ ონლაინ გამოცემას გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაცია მიზანმიმართულად აქამდეც არაერთხელ გაუვრცელებია.
2026 წლის 26 იანვარს, 17:15 საათზე, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შევიდა ყაზახეთის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი ZHIBEK ZHOLY, მოსვლის ნავსადგური – ეისკი.
გემის მფლობელი და ბერბოუტ ჩარტერერი ყაზახეთში რეგისტრირებული კომპანიებია და არ იძებნება სანქცირებულ სუბიექტთა არც ერთ მოქმედ სიაში. გემი უზრუნველყოფილია მოქმედი, არასანქცირებული P&I დაზღვევით და ფლობს მოქმედ კლასს. პორტში შემოსვლისას გემის ყველა ტექნიკური და სამართლებრივი დოკუმენტი შემოწმდა დადგენილი წესით.
მედიაში მითითებული ონლაინ პლატფორმები (MarineTraffic, VesselFinder, GlobalFishingWatch) არ წარმოადგენს ოფიციალურ მონიტორინგის ინსტრუმენტებს და მათი მონაცემები ვერ გამოიყენება ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების მისაღებად.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო გემების მოძრაობის კონტროლს ახორციელებს ოფიციალური სანავიგაციო და საკონტროლო სისტემებით, მათ შორის: სანაპირო AIS, Radar, LRIT და სხვა პროფესიული სისტემები.
გემი საქართველოს პორტში შემოვიდა ღიად და კანონიერად. მისი შემოსვლის შეზღუდვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
2022 წლიდან აღნიშნული გემი ნამყოფია: ყაზახეთის, ეგვიპტის, კაბო ვერდეს, მალაიზიის, ვიეტნამის, ჩინეთის, ჰონკონგის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, საქართველოს, თურქეთისა და ტუნისის ნავსადგურებში.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სანქციების რეჟიმს მკაცრად აღასრულებს. მხოლოდ ბოლო წლებში სააგენტოს მიერ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოსვლაზე უარი ეთქვა:
2022 წელს – 13 გემს
2023 წელს – 9 გემს
2024 წელს – 15 გემს
2025 წელს – 18 გემს
2026 წელს (29 იანვრის მდგომარეობით) – 1 გემს.
სააგენტო მოქმედებს საერთაშორისო ვალდებულებებისა და ეროვნული კანონმდებლობის სრული დაცვით და გადაწყვეტილებებს იღებს ფაქტებზე და ოფიციალურ სამართლებრივ მექანიზმებზე დაყრდნობით, არა სპეკულაციებზე", - წერია განცხადებაში.