ნათლობის სუფრაზე მომხდარი ჩხუბის დეტალები - ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ალაპარაკდა
ნათლობის სუფრაზე მომხდარი ჩხუბის დეტალები - ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, რომელსაც გამოძიება პოლიციელის ჯგუფურად ცემას ედავება, დღეს სასამართლო სხდომაზე ალაპარაკდა. დავით შარაშიძემ თქვა, რომ ცემის შემდეგ დაზარალებულ პოლიციელს, გოგა ჯინჭარაძეს პოლიციის უფროსის მოადგილის თვალწინ მოუხადა ბოდიში, რის შემდეგაც სამმართველოს უფროსთან, ზაზა ცხაკაიასთან შეხვედრა ითხოვა.
ბრალდებულმა ყოფილმა მაღალჩნოსანმა, რომელსაც სასამართლომ დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, მოსამართლეს უთხრა, რომ ჩადენილს ინანიებს.
მინდა პატივისცემა გამოხატო ყველას მიმართ. არასდროს ნასამართლევი არ ვყოფილვარ და ადმინისტრაციული დარღვევაც არ მქონია. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მოხდა ასეთი რამ. მე 4 წლის განმავლობაში ვიყავი მერი, ასევე საკრებულოს წევრი ვემსახურებოდი საზოგადოებას, ჩოხატაურელებს, ვემსახურებოდი ყველას და მყავს მცირეწლოვანი შვილი, პენსიონერი ბებო, ვნანობ რაც გავაკეთე, მაგრამ ჩემს ნაცხოვრებს და განვლილ პერიოდს თუ გაიხსენებთ, დიდი მადლობელი ვიქნები თუ არ გამოიყენებთ პატიმრობას. ვინანიებ, ვნანობ რაც გავაკეთე და ვიყავი ნასვამ მდგომარეობაში და თუ ციხეში არ გამიშვებთ გავაგრძელებ ჩემს ცხოვრებას. პოლიციის უფროსის მოადგილე რომ მოვიდა, მასთან ერთად გამოვიყვანე დაზარალებული და ბოდიში მოვუხადე და ამის შემდეგ წავედი სამხარეო ადმინისტრაციასთან და მოვითხოვე, სამმართველოს უფროსთან, ზაზა ცხაკაიასთან შეხვედრა და არ მოხერხდა. ამის შემდეგ , სამხარეოს უფროსის მოადგილემ, ბესო ბოლქვაძემ დამირეკა გიბარებს უფროსიო და ჩემი მანქანით ჩამოვედი. გულით სულით და მთელი არსებით გთხოვთ გაითვალისწინოთ ყველაფერი და ისე მიიღოთ გადაწყვეტილება", - განაცხადა სხდომაზე დავით შარაშიძემ.
- საქმის მასალების მიხედვით, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა მოქალაქემ ჯგუფურად იძალადეს პოლიციელ გოგა ჯინჭარაძეზე, რომელიც ამავე რესტორანში იმყოფებოდა.
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ბრალდება გუშინ წარუდგინა - დავით შარაშიძეს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება.