სასახლის ღობის საქმე - ბრალდებულების ნაწილი, პროტესტის ნიშნად, სხდომას არ დაესწრება

30.01.26 11:54
სასახლის ღობის საქმე - ბრალდებულების ნაწილი, პროტესტის ნიშნად, სხდომას არ დაესწრება

სასახლის ღობის საქმეზე საქალაქო სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება. 15 პირის საქმეზე სხდომა საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში გაიხსნება.

ბრალდებულების დიდი ნაწილი, პროტესტის ნიშნად, სხდომას არ დაესწრება. ისინი აცხადებენ, რომ პროცესს მანამდე არ დაესწრებიან, ვიდრე ირაკლი კობახიძე სასამართლოში მოწმის სახით არ წარსდგება.

როგორც ჩემთვის ცნობილია, ბიჭები დღეს არ დაესწრებიან, პროტესტის ნიშანდ. მათ მოითხოვეს ირაკლი კობახიძის მოწმის სახით დაბარება. მიუხედავად იმის, რომ იყო რიგი პროცესუალური შეუსაბამობები, გამოვიკვლიეთ ვიდეოჩანაწერები, დავკითხეთ მოწმეები, ექსპერტები, ჰაბიდოსკოპები, თუმცა, დავით ჟღენტთან მიმართებაში, არცერთი მტკიცებულება არ გამოკვლეულა. ამ ეტაპზე, ჩემთვის უცნობია, ვის წარმოადგენს ბრალდების მხარე მოწმის სახით დასაკითხად,  სავარაუდოდ, ესენი შეიძლება იყვნენ საქმეში არსებული გამომძიებლები, რომლებსაც საგამოძიებო მოქმედებები აქვთ ჩატარებული, - ამბობს ლაშა ცუცქირიძე.

დღევანდელ პროცესზე სავარაუდოდ, 3 მოწმე გამოიკითხება, ის ადამიანიები, რომლებმაც საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს სასახლის ღობის საქმესთან დაკავშირებით.

ერთ-ერთი ბრალდებული, რომელიც დღევანდელ სხდომას დაესწრება, ექიმი გიორგი ჩახუნაშვილია. როგორც ის ამბობს, არ უარყოფს, რომ იყო აქციაზე, თუმცა, იქ მხოლოდ ადამიანები გადაარჩინა.

მე არ უარვყოფ, რომ იქ ვიყავი. დღესაც გავიმეორებ, რასაც ვაკეთებდი ჩემი იქ ყოფნით, ვფიქრობ, რომ ბევრი ადამიანი გადავარჩინე. არც ვმალავ და ახალს ვერც ვერაფერს ვიტყვი, დანარჩენი, დაველოდოთ, - ამბობს ჩახუნაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ 15 ბრალდებულიდან, გიორგი ჩახუნაშვილი, ია დარახველიძე და ევა შაშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.  დანარჩენი 13 პირი კი კვლავ პატიმრობაში რჩებიან.

უფრო კონკრეტულად: 

  • გოჩა ყატაშვილის, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტის, კახაბერ მჟავანაძის, ალექსანდრე გოგოლაძის, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილის, ზაქრო ალბუთაშვილის, გენადი კელიხაშვილის, დათო ღუწკაიას, რამაზ ჯორბენაძის, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილისა და ია დარახველიძის მიმართ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • რაც შეეხება კიდევ 3 ბრალდებულს, ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი, ევა შაშიაშვილი და ია დარახველიძე გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.

 

მსგავსი სიახლეები