საქსტატის ხელმძღვანელად ერთი და იგივე პირის ორზე მეტჯერ დანიშვნის შეზღუდვა უქმდება

30.01.26 12:35
საქსტატის ხელმძღვანელად ერთი და იგივე პირის ორზე მეტჯერ დანიშვნის შეზღუდვა უქმდება

“ქართული ოცნება“ "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ" კანონიდან იმ ნორმის ამოღებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, არ შეიძლება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება ორზე მეტჯერ დაინიშნოს. 

კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. მისი ავტორები შოთა ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი და  ლევან მაჭავარიანი არიან.

პროექტის მიღების შედეგად სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირის ორზე მეტი ვადით დანიშვნა შესაძლებელი გახდება.

მოქმედი კანონი ზღუდავს გამოცდილი და ეფექტიანი ხელმძღვანელის უწყებაში საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას, ართულებს მისი საქმიანობის შედეგების გრძელვადიან და სრულფასოვან შეფასებას და არ წარმოადგენს საუკეთესო პრაქტიკას იმ უწყებისთვის, რომელსაც მაღალი პასუხისმგებლობა ეკისრება მონაცემთა ხარისხისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვის მიმართულებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება უზრუნველყოფს, რომ აღმასრულებელი დირექტორის ხელახალი დანიშვნა დამოკიდებული იყოს მის პროფესიულ გამოცდილებაზე, მიღწეულ შედეგებსა და ნდობაზე და არა წინასწარ დადგენილ რაოდენობრივ შეზღუდვაზე.

პროექტი მიზნად ისახავს საქსტატის ინსტიტუციური სტაბილურობის გაძლიერებას, პროფესიონალიზმის წახალისებას და ოფიციალური სტატისტიკის სისტემის უწყვეტ განვითარებას“, - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

მსგავსი სიახლეები