სასახლის ღობის საქმე - სპეცრაზმელის ჩვენება სასამართლო დარბაზში

30.01.26 14:52
სასახლის ღობის საქმე - სპეცრაზმელის ჩვენება სასამართლო დარბაზში

 

 

სასახლის ღობის საქმე - სპეცრაზმელი, რომელიც ამტკიცებს, რომ აქციაზე დაშავდა, ხელი დღეს ვერც ერთ ბრალდებულს ვერ დაადო.  

იოსებ როსტიაშვილმა სასამართლოზე თქვა, რომ ვერ ამოიცნობს ადამიანს, ვინც მას სავარაუდოდ, ფილა ესროლა.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განყოფილების უფროსი დღეს ამტკიცებდა, რომ აქციზე თავი შეურაცხყოფილად მას შემდეგ იგრძნო, რაც დემონტრანტებმა მას “რუსის მონა“ უწოდეს.

  • საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული 15 პირის პროცესი მიმდინარეობს - ბრალდებულტა ნაწილი სხდომას არ ესწრება.

4 ოქტომბერს შემოვიდა შეტყობინება, რომ უნდა გადავსულიყავით ათონელის ქუჩაზე. ადგილზე, მშრალი ხიდის ტერიტორიასთან მივედით. ავტობუსიდანვე ჩანდა, რომ აქციის მონაწილეები უკვე ძალადობრივ ქმედებებზე იყვნენ გადასული — მიმდინარეობდა ფიზიკური დაპირისპირება პოლიციასთან.

ავტობუსიდან ჩამოვედით და პრეზიდენტის სასახლის მიმართულებით დავიწყეთ გადაადგილება. ამ დროს აქციის მონაწილეების მხრიდან გვესმოდა გინება, გვესროდნენ სხვადასხვა საგნებს. როცა ათონელის ქუჩაზე განვლაგდით, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში კეთდებოდა მოწოდებები, რომ დაშლილიყვნენ, თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენი მისამართით საგნების სროლა გრძელდებოდა.

ადგილზე დაახლოებით 40–50 თანამშრომელი ვიყავით. აქციის მონაწილეები ჩვენს მიმართულებით ისროდნენ ქვებს და სხვადასხვა ნივთებს, უმეტესად ქვებს. ასევე აზიანებდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ინფრასტრუქტურას — ნაგვის ურნებს, ღობეებს და სხვა სახელმწიფო ინვენტარს. დაზიანებები მიიღეს თანამშრომლებმაც.

მე თავის არეში მომხვდა ე.წ. ფოლადი (მყარი საგანი). მეხურა ჩაფხუტი, რომელიც დარტყმის შედეგად გატყდა. დაზიანებული თანამშრომლები გადაგვყავდა მანქანებში.

ჩემ წინ განლაგებული იყვნენ აქციის მონაწილეები და მათი მხრიდან მოდიოდა ნასროლი ქვები. დაზიანებული იყო ღობეც. გვაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, გვეძახდნენ „რუსის მონებს“, „ღორებს“. ჩვენ მაქსიმალურად ვითმენდით ამ ყველაფერს.

ადგილზე დაახლოებით 22:30 საათამდე გავჩერდი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე დაზიანება მქონდა მიღებული. დიდი ზომის ქვა მომხვდა, რის შედეგადაც ძლიერი ტკივილი განვიცადე თავის არეში. საქმის კურსში ჩავაყენე ჩემი მეთაური, რადგან სამსახურებრივი მოვალეობის გაგრძელება აღარ შემეძლო — ფეხზეც ვეღარ ვდგებოდი. სასწრაფო დახმარების მანქანით გადამიყვანეს ქავთარაძის საავადმყოფოში", - განაცხადა როსტიაშვილმა. 

ცნობისთვის, ბრალდებულ 15 პირს - გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილს, ზაქრო ალბუთაშვილს, გენადი კელიხაშვილს, დათო ღურწკაიას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ია დარახველიძე, გიორგი ჩახუნაშვილი და ევა შაშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები

 

მსგავსი სიახლეები