აუდიტორიებიდან ქუჩაში - აკადემიური სფერო ორი უნივერისტეტის დასაცავად ერთიანდება
„ქართული ოცნების“ მიერ ჩუმად მიღებული გადაწყვეტილების გამო, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები აუდიტორიების ნაცვლად საპროტესტო აქციებზე დგანან.
აკადემიური საზოგადოება გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ "ოცნების" ხელისუფლებამ უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება ყოველგვარი კონსულტაციის, საჯარო განხილვისა და პროფესიული დისკუსიის გარეშე მიიღო. საუბარია საუკუნოვანი ტრადიციების მქონე უნივერსიტეტის მეორე უმაღლეს სასწავლებელთან მიერთებაზე, რომლის შესახებაც არც ლექტორებს და არც სტუდენტებს წინასწარ ინფორმაცია არ ჰქონიათ.
პროფესორები აცხადებენ, რომ რეალურად საქმე არა ორი უნივერსიტეტის გაერთიანებას, არამედ ერთ-ერთი მათგანის გაუქმებას ეხება. მათი თქმით, გადაწყვეტილება მოულოდნელად, ერთ დღეს იქნა გამოცხადებული, ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და არგუმენტაციის გარეშე. აკადემიურ წრეებში გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ნაბიჯი უნივერსიტეტის დამოუკიდებლობის მოსპობას ემსახურება.
ლექტორების ნაწილი ვარაუდობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას არ ჰქონდა გათვლილი უკითხავად მიღებული გადაწყვეტილების მასშტაბური უკმაყოფილება. მათივე თქმით, არსებობს ეჭვი, რომ უნივერსიტეტების გაერთიანების უკან ფარული მიზნები იმალება, მათ შორის აკადემიური „წმენდა“ და უნივერსიტეტების ქონებასა და შენობებზე კონტროლის მოპოვება.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.