სილის გაწვნის ორმაგი სტანდარტი - პოლიციელის ცემაში ბრალდებული ექს მაღალჩინოსანი გირაოთი გაათავისუფლეს

30.01.26 21:09
სილის გაწვნის ორმაგი სტანდარტი - პოლიციელის ცემაში ბრალდებული ექს მაღალჩინოსანი გირაოთი გაათავისუფლეს

პოლიციელის ცემის ბრალდებით დაკავებული ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, დავით შარაშიძე, სასამართლომ 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქმის მასალების მიხედვით, ინციდენტის დროს ერთ პოლიციელს სამი პირი რამდენიმე წუთის განმავლობაში სცემდა, მათ შორის მაშინაც, როდესაც სამართალდამცველი უკვე ძირს იყო დაცემული.

სასამართლო სხდომაზე დავით შარაშიძე თავს იმით იმართლებდა, რომ წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო და კონფლიქტის შემდეგ პოლიციელს ბოდიში მოუხადა. მისი თქმით, დაპირისპირების მიზეზი გახდა ის, რომ პოლიციელმა „ქურდების სადღეგრძელო“ არ დალია.

შარაშიძემ ასევე განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილიდან პოლიციის უფროსის მოადგილემ გაუშვა, რის შემდეგაც ის გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში, სამხარეო პოლიციის უფროს ზაზა ცხაკაიასთან შესახვედრად წავიდა. ამ გარემოებამ კითხვები გააჩინა, რატომ დატოვა ბრალდებულმა დანაშაულის ადგილი და იყო თუ არა გავლენების გამოყენების მცდელობა. აღნიშნულ საკითხებზე კომენტარის მისაღებად გურიის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელობასა და მის მოადგილესთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

საქმემ კვლავ გააჩინა კითხვები სამართლის თანასწორად აღსრულებასთან დაკავშირებით. პოლიციელის ცემაში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანი გირაოს სანაცვლოდ თავისუფლდება, მაშინ, როდესაც სხვა საქმეებზე სასამართლო სრულიად განსხვავებულ გადაწყვეტილებებს იღებს. კრიტიკოსები მსგავს შემთხვევებს შერჩევითი სამართლის ნიშნებად აფასებენ.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები