აქცია თსუ-ს ეზოში - პროტესტის მონაწილეები ჯაბა სამუშიასთან შეხვედრას ითხოვენ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციას შეუერთდნენ პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
პროტესტის მონაწილეები "ქართული ოცნების" განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებას აპროტესტებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების თაობაზე და რექტორ ჯაბა სამუშიასთან შეხვედრას ითხოვენ.
გუშინ ჩვენ ვთქვით, რომ გვინდა ჯაბა სამუშიასთან შეხვედრა ამასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ უნივერსიტეტი არის ავტონომიური და განათლების სამინისტროს უფლება არ აქვს, რომ უნივერსიტეტები გააერთიანოს. რა თქმა უნდა, ჯაბა სამუშია დუმს და თუ კიდევ დუმილს გააგრძელებს აუცილებლად მივაკითხავთ კაბინეტთან და უკვე იქ მივმართავთ. ჯაბა სამუშიასგან დუმილი არ არის გასაკვირი იმიტომ, რომ წინაზეც, როცა პოლიციელები შემოვიდნენ უნივერსიტეტში, არც მაშინ არ გვცემდა პასუხს. ის სახელმწიფოს ვერ გადაახტება და უბრალოდ ეშინია, რომ თავის პოზიციას და თავის მიღწევებს დაკარგავს, ეშინია," - თქვა ერთ-ერთმა სტუდენტმა.
ცნობისთვის, "ქართულმა ოცნების“ ხელისუფლებამ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.