IPI: „ოცნებამ“ არ უნდა მიიღოს ცვლილებები, რომელმაც შესაძლოა, მედიასაშუალებებს დამოუკიდებელი დაფინანსების შესაძლებლობა წაართვას
„საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი“ (IPI) „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხმაურება - გავლენიანი ორგანიზაცია წერს, რომ ხალხის დადუმების და ტოტალური კონტროლის კანონით ივანიშვილის პარტია კრიტიკულ მედიას სრულად უკეტავს დამოუკიდებელი დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას.
IPI აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მართულმა პარლამენტმა უარი უნდა თქვას ამ შემზღუდავი ცვლილებების მიღებაზე და გააუქმოს არსებული რეპრესიული კანონმდებლობა.
„ჩვენი ორგანიზაციები აფრთხილებენ საზოგადოებას, რომ ამ ცვლილებების იმპლემენტაცია გააძლიერებს ისედაც შემზღუდავ საკანონმდებლო გარემოს, რომელიც მიმართულია მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერის წინააღმდეგ. ამან შესაძლოა ქართველ ჟურნალისტებსა და მედიასაშუალებებს ყოველგვარი დამოუკიდებელი დაფინანსების მიღების შესაძლებლობა წაართვას“, – ნათქვამია განცხადებაში.
IPI მიუთითებს ძირითად ცვლილებებსა და საფრთხეებზე:
„გრანტის“ ცნების გაფართოება: წინადადება მნიშვნელოვნად აფართოებს „გრანტის“ განმარტებას – ფაქტობრივად ნებისმიერი უცხოური დაფინანსება, რომელიც დაკავშირებულია საჯარო, პოლიტიკურ ან პოლიტიკაზე ორიენტირებულ საქმიანობასთან, გრანტად ჩაითვლება.
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა: მედიაორგანიზაციებსა და ჟურნალისტებს, რომლებიც მიიღებენ გრანტებს ან დაფინანსებას მთავრობის წინასწარი ნებართვის გარეშე, შესაძლოა 6 წლამდე პატიმრობა დაემუქროთ.
მომსახურების ანაზღაურების შეზღუდვა: უცხოური აქტორების მიერ ჟურნალისტური მომსახურების, კვლევის ან ექსპერტიზის საფასურის გადახდაც კი შესაძლოა უკანონო გრანტად იქნას მიჩნეული.
მთავრობის კონტროლი ადგილობრივ ბიუროებზე: უცხოურ ორგანიზაციებს, ასევე უცხოეთში რეგისტრირებულ იმ სუბიექტებს, რომლებიც ძირითადად საქართველოში საქმიანობენ, „ქართული ოცნების“ მთავრობის ნებართვა დაჭირდებათ თავიანთი ადგილობრივი ბიუროების და წარმომადგენლობების დასაფინანსებლად.
გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსში ჩნდება „დამამძიმებელი გარემოება“ – „ფულის გათეთრება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს საშინაო პოლიტიკურ საქმეებთან“, რაც 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
IPI ხაზს უსვამს, რომ ეს ინიციატივები ემატება 2025 წელს უკვე მიღებულ შემზღუდავ კანონებს, რომლებიც ძირს უთხრის მედიის თავისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას. Mapping Media Freedom-ის მონიტორინგის მიხედვით, საქართველოში მკვეთრად გაიზარდა სამართლებრივი ინციდენტების რაოდენობა, რამაც ყველა დაფიქსირებული შემთხვევის 42.0% შეადგინა. 2025 წელს დოკუმენტირებული 60 სამართლებრივი ინციდენტი თითქმის ორჯერ აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს (33 შემთხვევა).