ბესელია: რატი მილორავას დაკავების ვადის გახანგრძლივება ვაკე-საბურთალოს საპატრულო პოლიციის უფროსმა მოითხოვა
იდენტიფიცირებულია პირი, რომელმაც დაკავებული რატი მილორავას წინასწარი დაკავების ვადის გახანგრძლივება მოითხოვა. ეკა ბესელიას ინფორმაციით, ის ვაკე-საბურთალოს საპატრულო პოლიციის უფროსი დავით მამულაშვილია. ამის შესახებ "სამართლიანობისთვის" ხელმძღვანელმა წინასწარი დაკავების იზოლატორში შვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
ეკა ბესელიას განცხადებით, დაკავების პროცედურასთან დაკავშირებით მას დღემდე არ მიუღია არც ერთი წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა რატი მილორავას დაკავების კანონიერ საფუძვლებს. მისი თქმით, იზოლატორში შესვლისას არაერთხელ მოითხოვა შესაბამისი დოკუმენტაცია, მათ შორის დაკავების, დათვალიერებისა და სამედიცინო შემოწმების აქტები, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ზეპირი განმარტებები მოისმინა.
ინტერესების დამცველი დარწმუნებულია, რომ საქმეში სხვა ინტერესები იკვეთება, თუმცა ამბობს, რომ ეს მის პოზიციებზე გავლენას ვერ მოახდენს.
ჩემთვის გასაგებია, რომ ახლა, ამ ყველაფერს აქვს სხვა სარჩული და ვხედავ, როგორ ფიქრობენ, რა განვითარება შეიძლება, მისცენ ამ ფაქტს. მაგრამ, კანონი არის კანონი და მჭირდება ყველა შემოსვლის დროს ავუხსნა დაწსებულების წარმომადგენლებს, რომ როდესაც პირს აკავებ, 24 საათის განმავლობაში მას უნდა ჰქონდეს დაუყოვნებლივ ყველა დოკუემნტი, რის საფუძველზეა დაკავებული და რატომ. ერთადერთი, რაც მხოლოდ ვიცი ზეპირი საუბრით, არის ადმინისტრაციული დაკავება, მაგრამ არ არის სხვა არანაირი დოკუმენტი და ვითხოვ მათ შორის, დათვალიერების, შემოწმების დოკუმენტებს, სამედიცინო შემოწმებებს დაზიანებები სადაც აღენიშნება და ჩანს ეს ვიზუალურადაც. ერთადერთი, ვისი გვარიც გავიგე, ხანგრძლივი კითხვების დასმის შემდეგ, არის ვაკე-საბურთალოს საპატრულო პოლიციის უფროსის, დავით მამულაშვილის გვარი, რომელიც აგზავნის დაკავების ვადის გაგრძელების წერილს. მე არ მინახავს ეს წერილი, უბრალოდ, ერთადერთი, ეს გავიგე.
რა თქმა უნდა, მართვა არ შეიძლება მანქანის ნასვამ მდგომარეობაში, ეს არის უდავო, მაგრამ უნდა დააჯარიმო როგორც წესი და რიგია. ამისთვის პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, აიღებს. თვითონაც ძალიან წუხს ამის გამო, მაგრამ იმის შემდეგ რაც ხდება, ეს წაყვანა, გატაცება, გადაალვა, შემდეგ ძალადობა, ამდენი ხნის განმავლობაში რომ არავინ ჩანს პროცესუალურად რასაც აკეთებს, მაინც გავიგებ ამას, ეს არის ყველაფერი კანონის დარღვევა, უხეში დარღვევა.
ძალიან კარგად მესმის, რომ არ წყდება ეს რაღაც რიგითი თანამშრომლის დონეზე ასეთი საკითხები, მაგრამ ვისთანაც წყდება, მან ძალიან კარგად იცისრომ ჩემზე არ არსებობს არავითარი ზეგავლენის შესაძლებლობა, რაიმე ფორმა, რომელიც რაიმე გავლენას მოახდენს, მე ჩემი განწყობები თუ პოზიციები შევიცვალო, - ამბობს ბესელია.
რატი მილორავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დააკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.