სტუ-ს რექტორი ირწმუნება, რომ თსუ-თან გაერთიანების შემთხვევაში, თანამშრომელთა რაოდენობა არ შემცირდება
ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ირწმუნება, რომ თსუ-თან გაერთიანების შემთხვევაში თანამშრომელთა რაოდენობა არ შემცირდება. თუ დავით გურგენიძეს დავეყრდნობით, გარანტიები მან განათლების სამინისტროდან მიიღო.
გურგენიძის განმარტებით, საუბარია საინჟინრო-ტექნოლოგიური სკოლის კონცეფციაზე, რომელიც ჯერ აკადემიურ საბჭოს უნდა წარედგინოს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება უნივერსიტეტის პოზიცია. მისივე თქმით, შეთანხმება მიღწეულია როგორც პროფესორ-მასწავლებელთა შენარჩუნებაზე, ისე სტუდენტური კვოტების გაზრდაზე.
საინჟინრო ტექნოლოგიური სკოლა იქნება შემოთავაზებული, გავუზიარებთ აკადემიურ საბჭოს და ვიმსჯელებთ, ან იქნება ჩვენი თანხმობა, ან არ იქნება ჩვენი თანხმობა. კონსულტაციების ძირითადი თემა ამ ეტაპზე იყო ის, რომ ყველა პროფესორ მასწავლებელი იქნება შენარჩუნებული. ასევე სტუდენტთა კვოტები არათუ შენარჩუნებული, არამედ იქნება გაზრდილი. ამაზე ჩვენ შეთანხმებულები ვართ. არათუ თანხმობა, გარანტიები მივიღეთ. ბატონმა გივიმ (მიქანაძემ) მე მითხრა, რომ საინჟინრო ტექნოლოგიური სკოლისთვის იქნება ძზალიან დიდი კონცეფცია, რომელსაც, რომ ჩამობრძანდება და გავესაუბრები, ვნახავ და წარუდგენ ჩემს საყვარელ პროფესორ-მასწავლებლებს. ეს, რაც ხდება ახლა, ამაზე ხომ ჯერ მინისტრს ბრძანება არ გამოუცია და ხელი არ მოუწერია. ამას საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება, მსჯელობა სჭირდება, ბატონ პრემიერს დაანონსებული აქვს დებატები. დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და მე პრობლემას ვერ ვხედავ. ჯერ არ გადაუწყვეტია, ვნახოთ, როგორი პროგრამა იქნება და ვფიქრობ, თუ კარგი პროგრამა იქნება, ძალიან გაუხარდებათ ჩვენს პროფესორ-მასწავლებლებს, - ამბობს გურგენიძე.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რო განათლების სამინისტროსა და სტუ-ს წარომადგენლებს შორის, სავარაუდოდ, ხვალ შეხვედრა გაიმართება.