ხომ გინდოდათ დებატი? გვაქვს კითხვები, რომელიც საჭიროებს პასუხებს - სტუდენტების მიმართვა კობახიძეს
სტუდენტები ირაკლი კობახიძეს მოუწოდებენ, მათთან სადებატოდ დაჯდეს. ამის შესახებ ახალგაზრდებმა თსუ-თან გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცადეს.
სტუდენტების თქმით, აქვთ ლეგიტიმური კითხვები, რომლებიც პასუხების გაცემას საჭიროებს.
ამ ქვეყანაში შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარების გამო, პოლიტიკური ჩიხის გამო, ვთანხმდებით ირაკლი კობახიძის გამოწვევას. ხოდა, ბატონო ირაკლი კობახიძევ, ხომ გინდოდათ დებატი? ჩვენ ვართ აქ, აქ შეკრებილი ძალიან ბევრი ჩემი თანამებრძოლის სახელით გეუბნებით, რომ ვართ მზად, რომ ვართ ძალიან ბევრნი, გვაქვს კითხვები, რომელიც საჭიროებს პასუხებს.
ბატონო ირაკლი კობახიძევ, ხომ ეძახით საკუთარ თავს "პრემიერს", ასეთად მიგაჩნიათ თქვენ თავი და გახსენებთ, რომ ეს, თქვენივე ლოგიკით, სტატუსი, გხდით ანგარიშვალდებულს ხალხთან, მათ შორის, ქართველ ახალგაზრდობასთან და ეს ანგარიშვალდებულება მოიცავს იმასაც, რომ ესაუბროთ იმასაც, ვინც შეიძლება, არ გეთანხმებოდეთ ან თუნდაც არ გაღიარებდეთ.
ჩვენ არ დავსხდებით არსად რაიმე დამოძღვრის მოსასმენად, არ დავსხდებით არსად რაიმე შემოგდებულ თემებზე სასაუბროდ, ამას რეალურად ვაკეთებთ იმიტომ, რომ ამ ქვეყანას მომჯდარია პოლიტიკური პარტია თავზე, რომელიც გვინდაგურებს მომავალს, ატარებს აბსურდულ განათლების რეფორმას და სიმბოლურია, რომ ამ ადგილზე ვარ, ჩვენს მეგობრებს იჭერს ტროტუარზე დგომის გამო, ჰყავს ძალიან ბევრი სინდისის ტყვე, რომლებიც დასახსნელები არიან და რეალურად, ამ მიზეზით და იმ მიზეზით, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესი, ამ ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება არის ჩვენი მთავარი ინტერესი, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დავთანხმდეთ ამ გამოწვევას და ჩვენ გვაქვს ჩვენი ლეგიტიმური კითხვები, ლეგიტიმური არგუმენტები და ველოდებით აუცილებლად პასუხებს. მორჩა ამ ქვეყანაში ახალგაზრდებისგან დამალვის დრო, - განაცხადა პოლიტიკური მოძრაობა "სართული - ახალი თაობის ძალის" დამფუძნებელმა ვადო მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას მწვავედ აკრიტიკებენ აკადემიური სფეროს წარმოამდგენლები.