ევროსასამართლომ ადვოკატ მიხეილ რამიშვილის საქმეზე უფლებების დარღვევა დაადგინა
ევროსასამართლომ ადვოკატ მიხეილ რამიშვილის საქმეზე უფლებების დარღვევა დაადგინა. ამის შესახებ იურისტი გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი ცნობით, "ქართულ ოცნებას" ადვოკატისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 000 ევრომდე თანხის გადახდა დაევალა.
ევროსასამართლომ გამოიტანა საინტერესო გადაწყვეტილება ადვოკატ მიხეილ რამიშვილის საქმეზე და მისი უფლებების დარღვევა დაადგინა.
საქმე შეეხებოდა ცილისწამების გამო დავას, სადაც ადვოკატს დააბრალეს უსაფრთხოების სექტორთან თანამშრომლობა. ქართულმა სასამართლომ არ გაიზიარა მიხეილ რამიშვილის არგუმენტები და განაცხადა რომ რაც მასზე თქვა სასულიერო პირმა, არა ფაქტები, არამედ, მხოლოდ შეფასებები იყოო.
ევროპულმა სასამართლომ არ გაიზიარა ქართული სასამართლოს შეფასება და პირადი ცხოვრების უფლების დარღვევა დაადგინა, რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 000 ევრომდე თანხის გადახდა დაევალა საქართველოს," - წერს გიორგი ბურჯანაძე.
განახლება:
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი, რომელიც პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას ეხება.
რას ამბობს მე-8 მუხლი:
- ყველას აქვს უფლება, პატივი სცეს მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას.
- დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალისა თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.
მიხეილ რამიშვილმა მთავარეპისკოპოს იაკობის (იაკობიშვილი) წინააღმდეგ სამართლებრივი დავა 2017 წელს დაიწყო. რამიშვილმა ქორეპისკოპოსს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივლა.
- ადვოკატი მეუფე იაკობის განცხადებას აპროტესტებდა, სასულიერო პირმა ადვოკატს „მაბეზღარა ადამიანი” უწოდა და თქვა, რომ „სანდრო გირგვლიანის საქმეზე ჩანერგილი აგენტ-პროვოკატორი, რომელიც ინფორმაციას აწვდიდა ყოფილ მაღალჩინოსნებს”.
ადვოკატი მაშინ ამბობდა, რომ ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში გაკეთებული განცხადებები იყო ცილისმწამებლური და შეიცავდა არსებითად მცდარ ინფორმაციას, რამაც ზიანი მიაყენა მის ღირსებასა და პროფესიულ რეპუტაციას.
დავა ქართულ სასამართლოებში:
2018 წლის 11 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მამა ი.-ს დააკისრა განცხადების საჯაროდ უარყოფა და მომჩივნისთვის სიმბოლური თანხის – 1 ლარის გადახდა მორალური ზიანის სანაცვლოდ, თუმცა ეს გადაწყვეტილება 2022 წლის 16 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა. ამის შემდეგ მიხეილ რამიშვილმა სააპელაციოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში წაიღო. სავოლოოდ, უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.
საქართველოში ყველა ინსტანციის ამოწურვის შემდეგ, ადვოკატმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.