"კომისიებით ფასები არ შეიცვლება" - ექსპერტები

03.02.26 17:38
"კომისიებით ფასები არ შეიცვლება" - ექსპერტები

ეკონომისტებისა და დარგის სპეციალისტების განცხადებით, "ქართული ოცნების" მთავრობის მიერ მაღალ ფასებთან გამოცხადებული "ბრძოლა" ქვეყანაში ინფლაციის დონეს მოსახლეობის სასიკეთოდ არ ცვლის. 

  • საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2026 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 1.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8 პროცენტი შეადგინა.

"საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებლის, გიორგი კეპულაძის განცხადებით, საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ "შეხვედრებით და კომისიებით ფასები არ შეიცვლება". 

მისივე თქმით, ფასებთან "ბრძოლის" მსგავსმა პოლიტიკამ შესაძლოა უკუშედეგი გამოიღოს. 

არავის არ მოგვწონს მაღალი ფასები, მოგვწონს თუ არა ხელისუფლება, ფასები არ მოგვწონს. იანვარში დეკემბერთან შედარებითაც სურსათზე ფასები მომატებულია, წლიურად სურსათზე თითქმის 11%-ით არის ფასები გაზრდილი, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ შეხვედრებით და კომისიებით ფასები არ შეიცვლება, ამას სჭირდება ბაზრის გახსნა, მეტი კონკურენცია. მსოფლიო გამოცდილება არსებობს, რომ მსგავსი მეთოდებით ფასებთან და ინფლაციასთან ბრძოლა არ გამოდის და პირიქით უკუშედეგებს იძლევა, ან დეფიციტი ჩნდება ბაზარზე, ან უხარისხო პროდუქცია, ან ფასები პირიქით უფრო იზრდება. 

თუმცა, რაღაცა ერთი კომისიის შექმნა, მეორე კომისიაც დაანონსდა პარლამენტის და შეიქმნება, ძირითადად არის იმისთვის, რომ აჩვენოს თითქოს რაღაცას მუშაობენ, რაღაცას აკეთებენ, რაღაც მოძრაობას აკეთებენ," - ამბობს "საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელი, გიორგი კეპულაძე.

ეკონომისტი, გიორგი ხიშტოვანი განმარტავს, რომ სურსათსა და სხვა პროდუქტებზე ფასები უკვე ძალიან მაღალია და პირობითად, აპრილის თვეში ინფლაცია 1-2 პროცენტითაც რომ შემცირდეს, ეს არ ნიშნავს, რომ ფასები გაიაფდა - "ნიშნავს იმას, რომ იზრდება უფრო ნელა". 

გიორგი ხიშტოვანი ვარაუდობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" წინასწარ იცოდა, რომ დეკემბრის თვეში, წლის განმავლობაში ვერ დახარჯული თანხების, დეფიციტური ხარჯვა ფასების ზრდას გამოიწვევდა, რის გამოც პრევენციულად დაიწყო ფასებზე "ნადირობა" და "კომისიური წესით დაბულინგება ბიზნესის". 

3.5-მილიარდიანი ხარჯვა ბიუჯეტიდან დეკემბერში, ეს არის დეკემბერში დაანონსებული შეტევა ფასებზე და ეს ინფლაციის მაჩვენებელი, რომელიც იანვარში ავიდა ისევ თითქმის 5 პროცენტამდე. ჩემი ვარაუდით, "ქართულმა ოცნებამ" კარგად იცოდა, რომ ეს რაღაც დეფიციტური ხარჯვა, ამ შემთხვევაში დეკემბრის თვეში, იმ ვერ დახარჯული თანხების წლის განმავლობაში, გამოიწვევდა სავარაუდოდ ფასების ზრდას და პრევენციულად დაიწყო ეს ნადირობა ამ შემთხვევაში ფასებზე და ამ კომისიური წესით დაბულინგება ბიზნესის, სუს-ის ჩართვა ამ პროცესში, მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც ვხედავთ, იანვარში ფასები მაინც გიზარდა. 

ფასები უკვე ძალიან მაღალია სურსათზე და ეს უკვე არის დიდი პრობლემა. რომც შემცირდეს პირობითად, აპრილის თვეში ინფლაცია 1-2 პროცენტზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფასები გაიაფდა, ეს ნიშნავს იმას, რომ იზრდება უფრო ნელა. 

ფასები ისევ 5 პროცენტზე ავიდა და სურსათზე ისევ ორნიშნა გახდა, არის პირდაპირი სიგნალი სუს-სთვის და "ქართული ოცნების" მთავრობისთვის, რომ ეს წნეხი ბიზნესზე გაძლიერდეს და სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან მივიღებთ ამ საჯარო დაკითხვებს პარლამენტში და ამ "ხარბ ბიზნესებზე" შეტევას," - ამბობს გიორგი ხიშტოვანი.