ინფლაცია ქვეყანაში - პროდუქტებზე ფასებმა ისევ მოიმატა
"ქართული ოცნება" ფასებთან კომისიების საშუალებით იბრძვის, ამ დროს კი პროდუქტები ისევ ძვირდება. იანვარში ფასები გაიზარდა - საქსტატის ბოლო მონაცემებით, ბოლო ერთ თვეშიც კი სურსათი და ჯანდაცვა გაძვირდა. წლიურად ინფლაცია 4.8 პროცენტია - ეს ნიშნავს, რომ ფასების ზრდის ტემპი დაჩქარდა. პური, კარტოფილი, ხილი, ბოსტნეული - ეს ყველაფერი გაძვირებული პროდუქტების სიაში შეგხვდებათ.
სურსათის ფასები 10.6 პროცენტით არის გაზრდილი, წლიდან წლამდე ყველაზე საჭირო პროდუქტებში სულ უფრო მეტის გადახდა გვიწევს. ყველაზე მეტად გაძვირებული საქონლის ათეულშია კარტოფილი, ხილი, საავადმყოფო მომსახურება. მაგალითად კარტოფილის ფასი 29 პროცენტით გაიზარდა, პურის 22 პროცენტით, გაძვირდა ხორცი, თევზი, შაქარი, რძე ყველი - ყველაფერი რაც ადამიანს არსებობისთვის სჭირდება. ინფლაცია იზრდება მაშინ, როცა ქართული ოცნება კომისიას კომისიაზე ქმნის.
რატომ იზრდება ფასები?! - ეკონომისტები რამდენიმე ფაქტორზე საუბრობენ, ყველა შემთხვევაში პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებამდე მიდის. სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ ბიუჯეტში გარღვევაა, მეხუთე პრეზიდენტს ამის თქმის საფუძველს 2025 წლის ბოლო მონაცემები აძლევს. დეკემბერში ბიუჯეტიდან მილიარდ 200 მლნ-ით მეტი დაიხარჯა , ვიდრე შემოვიდა. სპეციალისტების თქმით, ეს ფასებზე ზეწოლას ზრდის. ფინანსთა სამინისტრო ამბობს, რომ ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა არ გვაქვს და ეს არც ფასებთანაა კავშირში.
ვრცლად, ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.