CPJ “ოცნებას“ მოუწოდებს, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების შესახებ კანონებში ცვლილებები არ მიიღოს
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) მოუწოდებს, საქართველოს პარლამენტს, არ მიიღოს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების შესახებ კანონებში დაგეგმილი ცვლილებები, რომლებიც კიდევ უფრო შეზღუდავს ქვეყანაში ამბების დამოუკიდებელი გაშუქებისთვის ისედაც შემცირებულ სივრცეს.
CPJ-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორის, გულნოზა საიდის თქმით, “ქართული ოცნების“ მიზანია, საქართველოს მოსახლეობისთვის ინფორმაციის წყარო მხოლოდ მისი პროპაგანდა იყოს, რაც მიუღებელია.
დაფინანსების შესახებ კანონში ბოლო ცვლილებები ხაზს უსვამს იმ გამაოგნებელ სიჩქარეს, რომლითაც საქართველო ლიბერალური მედიაკანონებიდან ავტორიტარი მეზობლების, რუსეთისა და აზერბაიჯანის მიერ შთაგონებულ დრაკონულ ზომებზე გადავიდა. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, როგორც ჩანს, განზრახ ცდილობს უზრუნველყოს, რომ საქართველოს მოსახლეობას, საკუთარი პროპაგანდის გარდა, სხვა სიახლეებზე წვდომა არ ჰქონდეს. საქართველოს დემოკრატიულმა პარტნიორებმა მკაფიოდ უნდა განაცხადონ, რომ ეს მიუღებელია“, — განაცხადა გულნოზა საიდმა.
შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, უცხოური სუბიექტის მიერ „ნაღდი ფულით ან ნატურით“ გადარიცხული ნებისმიერი თანხა, რომელიც გამოიყენება „საქართველოს მთავრობაზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე ნებისმიერი ზეგავლენის მოსახდენად“ სახელმწიფო პოლიტიკაზე ზემოქმედების მიზნით, ჩაითვლება გრანტად და დაექვემდებარება სახელმწიფოს მხრიდან დამტკიცებას. ეს მოიცავს ტექნიკურ დახმარებასა და ექსპერტიზის გაზიარებასაც უცხოურ სუბიექტსა და ქართველ მიმღებს შორის ნებისმიერი მიმართულებით.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ახალი შეზღუდვების ინიცირება ემთხვევა პერიოდს, როდესაც საქართველოში პრესის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა საერთაშორისო საზოგადოების გაძლიერებული დაკვირვების ქვეშაა.
„29 იანვარს ეუთოს (OSCE) 20-ზე მეტმა წევრმა ქვეყანამ საქართველოსთან მიმართებით აამუშავა „მოსკოვის მექანიზმი“, რაც მათ საშუალებას აძლევს, გაგზავნონ ექსპერტთა მისია, რათა სხვა საკითხებთან ერთად შეაფასონ დამოუკიდებელი მედიისთვის მზარდი შეზღუდვები“, – ნათქვამია CPJ-ს განცხადებაში.