ბუსტერ დოზის მიღებაზე ასაკობრივი ზღვარი შესაძლოა, მოიხსნას - თამარ გაბუნია

03.11.21 14:48
ბუსტერ დოზის მიღებაზე ასაკობრივი ზღვარი შესაძლოა, მოიხსნას - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ​კორონავირუსის ვაქცინის ბუსტერ დოზის მიღებაზე, შესაძლოა, ასაკობრივი ზღვარი მოიხსნას.

ბუსტერთან დაკავშირებით ახლა რა რეგულაციაც არსებობს, არის ის, რომ 50 წლის ზემოთ ნებისმიერ პირს, ასევე, იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება, შეუძლიათ, დღესვე მივიდნენ ამცრელ დაწესებულებაში თუ მათი მეორე აცრიდან გასულია უკვე 6 თვე. აცრა შეუძლიათ იმ ვაქცინით, რომლითაც ჩაიტარეს პირველი ორი აცრა ან პირველი ორი აცრით ჩატარებული ვაქცინის ნაცვლად მესამე ბუსტერ დოზა გაიკეთონ ფაიზერით.

ამ კვირაში კიდევ მიმდინარეობს მსჯელობა, ხომ არ არის მიზანშეწონილი მოიხსნას ასაკობრივი ზღვარი, რადგან მაგალითად მწეველების შემთხვევაში ბუსტერ დოზის ეფექტურობა ძალიან მაღალია და ჩვენთვის ძალიან რთული იქნება ასაკობრივად გავმიჯნოთ მწეველი არამწეველისგან. ამდენად, რეკომენდაცია შეიძლება მივცეთ, რომ პირს თუ აქვს რაიმე თანმხლები დაავადება, მან უნდა ჩაიტაროს ბუსტერ დოზა და ექიმთან შეთანხმებით, ნებისმიერი ასაკის პირმა თავად შეძლოს ამ გადაწყვეტილების მიღება", - თქვა თამარ გაბუნიამ.

ამ ეტაპზე რეგულაციის მიხედვით, ბუსტერ დოზით აცრა შეუძლია 50 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებსა და მათ, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ. ბუსტერის მიღება მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ არის შესაძლებელი.