საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ მდგომარეობა „მკვეთრად გაუარესდა“ - HRW-ის ახალი ანგარიში

04.02.26 13:17
საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ მდგომარეობა „მკვეთრად გაუარესდა“ - HRW-ის ახალი ანგარიში

საქართველო HRW-ის ახალ ანგარიშში - გავლენიანი ორგანიოზაცია, რომელიც მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს აღწერს, ამბობს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა 2025 წელს მკვეთრად გაუარესებულია. 

Human Rights Watch-ს თანახმად,  "ოცნების" მიღებული კანონები მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოების განადგურებასა და კრიტიკული მედიის გაჩუმებას

„მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ ფართომასშტაბიანი კანონები მიიღო, რომლებიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოების განადგურებასა და კრიტიკულად განწყობილი მედიის გაჩუმებას. ასევე, ხელისუფლება მეტიმეტად ერეოდა უმეტესწილად მშვიდობიან საპროტესტო აქციებში. აღნიშნული ზომები ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს ადამიანის უფლებების დაცვის, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების, ასევე, თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ“, - ნათქვამია ანგარიშში.

Human Rights Watch-ი წერს, რომ ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა საქართველოში „დემოკრატიული უკუსვლა დაგმეს“.

ანგარიშში საუბარია 2025 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შესახებ, ასევე ცალკე თავია ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავების შესახებაც.

ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნები განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი შეზღუდვისა და ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტის ფონზე გაიმართა. არჩევნების დღეს, მთავრობის რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტის მიზნით ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრაცია არეულობაში გადაიზარდა, როდესაც ზოგიერთმა დემონსტრანტმა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი სცადა. პოლიციამ 60-ზე მეტი ადამიანი დააკავა ძალადობრივი გადატრიალების წაქეზებისა და კონსტიტუციური წესრიგის შეცვლის მცდელობის ბრალდებით“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ორგანიზაცია გამოქვეყნებულ ანგარიშში 2025 წელს საქართველოში გამოხატვისა და მედიის თავისუფლების მდგომარეობასაც აღწერს, წერს ასევე დაკავებულ ქალ ჟურნალისტზე, მზია ამაღლლობელზე. 

„აპრილში პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო, რომლითაც მაუწყებლობისთვის უცხოური დაფინანსება აიკრძალა და კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილება გაფართოვდა. ივნისში, მმართველმა პარტიამ კომუნიკაციების კომისიაში საჩივარი შეიტანა ორი ძირითადი ოპოზიციურად განწყობილი არხის, „ფორმულასა“ და „TV პირველის“ წინააღმდეგ, მათ რეპორტაჟებში, მთავრობის ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენების გამო. აგვისტოში სასამართლომ ცნობილ ჟურნალისტს, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, საპროტესტო აქციების დროს ადგილობრივი პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო. საერთაშორისო ორგანიზაციებმა და დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა გამოტანილი განაჩენი დაგმეს“, - აღნიშნულია ანგარიშში.