კობახიძე ისევ ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვას ელოდება
ირაკლი კობახიძე ამერიკასთან ისევ ურთიერთოებების გადატვირთვას ელოდება - "ოცნების" პრემიერმა დღეს "ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან შეხვედრასთან დაკავშირებით ისაუბრა და თქვა, რომ "საქართველოს ხელისუფლება მოთმინებით ელოდება აშშ-ის საპასუხო რეაქციას".
„ჩვენი მხრიდან საუბარი იყო იმავეზე, რაზეც საჯაროდ ვსაუბრობთ, ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით. ეს არის ჩვენი ღიად გაწვდილი ხელი. ველოდებით მოთმინებით საპასუხო რეაქციას და იმედი მაქვს, რომ ეს საპასუხო რეაქცია იქნება ამერიკული მხრიდან. ეს არის ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები“,- განაცხადა კობახიძემ.
"ოცნების" საგარეო საქმეთა სამინისტრო, მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ბრენდან ჰანრაჰანს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც უწყების მიერ გავცრელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.