"ეს არ არის გზა, რაც ევროკავშირამდე მიგვიყვანს" - იურისტები

05.02.26 11:35
"ეს არ არის გზა, რაც ევროკავშირამდე მიგვიყვანს" - იურისტები

იურისტების შეფასებით, "ქართული ოცნების" მიერ "გრანტების შესახებ" კანონში დაიინიცირებული ცვლილებები არ არის გზა, რომელიც ქვეყანას ევროკავშირამდე მიიყვანს. 

იურისტი ნიკა სიმონიშვილი აღნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებას" მხოლოდ ავტორიტარული პრინციპებით ძალაუფლების შენარჩუნება ადარდებს - "ავტორიტარული პრინციპები კი გამორიცხავს ევროკავშირში გაწევრიანებას". 

შიშით მუშაობს მხოლოდ ეს კანონები და ეს "ქართული ოცნები" მიერ მიღებულმა კანონმა დაადასტურა, რომ ისინი ვერ მუშაობენ შიშის და თვითცენზურის გარეშე. ის კანონი, რომელსაც ცდილობს, რომ მიიღოს "ოცნება", რა თქმა უნდა, სამართლებრივი კონტექსტი, საიდანაც თითქოს მოიტანეს, ეს არის სრულიად მანიპულაციურად მოტანილი, გერმანიის მაგალითი არის მანიპულაციურად გამოყენებული.

"ქართულ ოცნებას" ერთადერთი რაღაც ადარდებს, ეს არის ძალაუფლების შენარჩუნება, შენარჩუნება ავტორიტარული პრინციპებით, ავტორიტარული პრინციპები კი გამორიცხავს ევროკავშირში გაწევრიანებას და ეს არ არის ის გზა, რომელიც ჩენ ევროკავშირამდე მიგვიყვანს," - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა

უფლებადამცველი, გოგა ხატიაშვილი აღნიშნავს, რომ ისეთი რეგულაციები და კანონები, რომელიც კრძალავს და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში აქცევს გარკვეულ შეხედულებებს არ არის თავსებადი არც კონსტიტუციურ სტანდარტებთან და არც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან.

ისეთი რეგულაციები, ან ისეთი კანონები, რომელიც კრძალავს და მითუმეტეს სისხლის სამართლის კრიმინალიზაციის ფარგლებში აქცევს გარკვეულ შეხედულებებსა, თუ მოსაზრებებს, რა თქმა უნდა, არ არის თავსებადი არც კონსტიტუციურ სტანდარტებთან და არც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან. გაუგებარი და ბუნდოვანია რა იგულისხმება არაღიარებაში და მაგალითად ზეპირად გამოთქმული მოსაზრებებიც შეიძლება თუ არა, რომ დაექვემდებაროს პასუხისმგებლობას. მეორე მხრივ, წარმოუდგენელია, რომ კონსტიტუციურ ინსტიტუტებთან და მათ ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებები სისხლის სამართლის სასჯელს დაუქვემდებარო.

საერთო ჯამში კონსტიტუციური წესრიგი ეფუძნება სწორედ დემოკრატიას, ადამიანის უფლებათა ღირებულებებს და არა განსხვავებული აზრისა თუ შეხედულებების დევნას," - თქვა გოგა ხატიაშილმა. 

შეგახსენებთ, რომ "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებებს გამოეხმაურა ევროკომისიის სპიკერიც და განაცხადა, რომ ის "სრულ წინააღმდეგობაში მოვა ევროინტეგრაციასთან".

კანონპროექტს კენჭი უკვე უყარეს და პირველი მოსმენით მიიღეს. ცვლილებების ამოქმედებამდე დარჩენილია ორი საპარლამენტო მოსმენა და ამის შემდეგ მიხეილ ყაველაშვილის მიერ ხელმოწერა.