სასახლის ღობის საქმის პროკურორი ადვოკატს დაუპირისპირდა - ხმაური სასამართლოში
დაპირისპირება სასამართლო პროცესზე - სხდომაზე, სადაც სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული ირაკლი ნადირაძის, პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას და სხვა პირების საქმე განიხილება, საქმის პროკურორმა, თამარ ბეჟუაშვილმა ადვოკატ შოთა თუთბერიძეს, რომელიც პაატა ბურჭულაძის უფლებებს იცავს, უზრდელი ეძახა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ადვოკატმა პროცესზე მიყვანილ მოწმეს, შალვა კინწურაშვილს, საუბარია სასასაქონლო ექსპერტზე, რომელიც ნივთის ღირებულებას ითვლის, კითხვები დაუსვა.
მოწმის თქმით, მან დაზიანებულ მდგომარეობაში დაათვალიერა პრეზიდენტის სასახლის ღობე. შალვა კინწურაშვილის განცხადებით, ჯამში ზარალი არის 9 300 ლარის ოდენობით.
„დაზიანებული იყო ღობის სექციები, რომლებიც იყო დეფორმირებული შედუღების ადგილი იყო გადატეხილი. ერთი ღობე იყო გარეთ, სამი შიგნით და ერთი იყო ნახევრად მოგლეჯილ მდგომარეობაში. ღობე დაჟანგებული არ იყო”,- განაცხადა შალვა კინწურაშვილმა.
შოთა თუთბერიძემ მას ჰკითხა, ასახა თუ არა ექსპერტიზის დასკვნაში, ვის ესაუბრა დაზიანებულ ღობესთან დაკავშირებით, ეს იქნება შემდუღებელი, ხელოსანი თუ ა.შ. რომელთა მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაითვალა ზარალის ღირებულება. შეკითხვას პროკურორ თამარ ბეჟუაშვილის მხრიდან პასუხი მოჰყვა, რა დროსაც მან ადვოკატს, შოთა თუთბერიძეს პატივისცემის გამოჩენისკენ მოუწოდა.
„მოწმე პასუხისმგებელი ვერ იქნება სხვა ექსპერტებს რა გაეპარათ და რა არა…
ეს არის უზრდელობა, სხვა თუ არაფერი. სინდისი თქვენ, თუ არ გაწუხებთ დიდი პრობლემა გაქვთ არამარტო პროფესიონალიზმში არამედ ადამიანობაში. ეს არის ძალიან დიდი უზრდელობა. რაღაცას ეცით პატივი სულ მცირე”,- განაცხადა პროკურორმა.
შოთა თუთბერიძემ თამა ბეჟუაშვილს უთხრა, რომ პატივისცემას იჩენს, მოწმეებს კი, შეკითხვებს საქმის გარშემო უსვამს.
საბოლო ჯამში, როგორც ადგილიდან "პირველების" კორესპოდენტი იუწყება, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გაფრთილება ადვოკატ შოთა თუთბერიძეს მისცა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებული 10 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
- პროკურატურა ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
- ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.