სპეცრაზმელი დარწმუნებით ვერ ამბობს, გამოიყენეს თუ არა 4 ოქტომბერს წყლის ჭავლთან ერთად ქიმიური ნივთიერებები
სასახლის ღობის საქმეზე მოწმედ მიყვანილი სპეცრაზმელი, იოსებ როსტიაშვილი დარწმუნებით ვერ ამბობს, გამოიყენეს თუ არა 4 ოქტომბერს წყლის ჭავლთან ერთად ქიმიური ნივთიერებები.
აღნიშნულის შესახებ კითხვები დღეს მას ბრალდებულმა პოლიტიკოსმა, ირაკლი ნადირაძემ დაუსვა.
ირაკლი ნადირაძე: გამოიყენეთ თუ არა 4 ოქტომბერს მათ შორის წყლის ჭავლთან ერთად ქიმიური ნივთიერებები?
სპეცრაზმელი: ეს ინფორმაცია არ მაქვს, როგორც ვიცი არა.
ირაკლი ნადირაძე: დარწმუნებით არ შეგიძლიათ თქმა - გამოიყენეთ თუ არ გამოიყენეთ?
სპეცრაზმელი: არა, მე არ მეხება წყლის ჭავლი.
ირაკლი ნადირაძე: გაქვთ თუ არა იმის შესახებ ინფორმაცია, რომ სხვა აქციებზე ბევრად მეტი საშუალების გამოყენება დაგჭირდათ?
სპეცრაზმელი: სხვა აქცია რა შუაშია?
თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებული 10 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
- პროკურატურა ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
- ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.